ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, დიმიტრი ხუნდაძე ამბობს, რომ დახურულ სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის ფიზიკური პირისთვის 50 ლარის ნაცვლად, 20-ლარიანი ჯარიმის დაწესებას განიხილავენ, რაც მისივე შეფასებით "საკმარისი იქნება". დეპუტატი პირბადეების შესახებ კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორია.

"სასჯელი უნდა იყოს ისეთი, რომ ის აღწევდეს მიზანს. არ უნდა იყოს არც იმდენად დიდი რომ ის ტვოირთად აწვებოდეს მოქალაქეებს და არც ისეთი, რომ შეამციროს პასუხისმგებლობა. ამ მიზნისთვის არ იქნება საჭირო 50-ლარიანი საჯარიმო სახდელი და საკმარისი იქნება 20 ლარი", — თქვა დიმიტრი ხუნდაძემ 8 ივნისის ბიუროს სხდომაზე.

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის თქმით, კანონპროექტი ამ კვირის პლენარული სხდომების დღის წესრიგში შევა, რაც ნიშნავს, რომ ამ კვირაშივე უყრიან კენჭს მას. ბიურო დაეთანხმა იმ შეთავაზებასაც, რომ მიმდინარე კვირაში ერთ დღეს ორი მოსმენით უყარონ კენჭი კანონპროექტს.

"პირბადის გამოყენება სავალდებულო იქნება იმ სივრცეებში, სადაც ინფექციის გადადების რისკი მაღალია. ერთი ეს არის ტრანსპორტი და მეორე, დახურული სივრცეები. ისეთი სივრცეები როგორიცაა სავაჭრო ცენტრები, ან სივრცეები, სადაც სერვისების მიწოდება ხდება და დღის განმავლობაში ბევრს უწევს სხვა მოქალაქეებთან კონტაქტი, აქ იქნება პირბადის გამოყენება სავალდებულო".

საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ რიგი შეზღუდვები კვლავ ძალაში დარჩა. დახურულ საჯარო სივრცეში სავალდებულოა პირბადეების ტარება, მათ შორის სავაჭრო ობიექტებში. ასევე, სავალდებულოა სოციალური დისტანციის დაცვაც. ამასთან შეზღუდულია ტაქსებით სამზე მეტი პირის გადაადგილება და მძღოლები ვალდებული არიან პირბადეები ატარონ.