ექსპრემიერი გიორგი კვირიკაშვილი აცხადებს, რომ ერთპიროვნული მმართველობა კარგი არ არის. მისი თქმით, ქვეყნისთვის კარგი დამოუკიდებელი, მესამე პოლიტიკური ძალაა და "რაც უკვე ნანახი აქვს ამ ქვეყანას, აღარ უნდა ნახოს". ამ თემებზე მან TV პირველთან სატელეფონო ინტერვიუში ისაუბრა.

"ერთპიროვნული მმართველობა არსად არ არის დადებითი და ასეთ შემთხვევაშიც მგონია, რომ უნდა მოდეს რაღაც ისეთი, რომელიც აზრთა სხვადასხვაობას შექმნის. ძალიან სწორი იქნება, თუ იქნება ისეთი კოალიცია, სადაც განხვავაებული აზრიც იქნება და იდეების ჭიდილი იქნება. [...]

დამოუკიდებელი, მესამე მიმართულება არის ძალიან კარგი ქვეყნისთვის და ეს არის ჩემი აზრი. ვისაც აქვს დასავლური ორიენტაცია და ვინც არ არის არცერთი პოლუსის ნაწილი, არის ძალიან კარგი ქვეყნისთვის", — განაცხადა მან.

კვირიკაშვილმა აღნიშნა ისიც, რომ პოლიტიკური კონსულტაციები არავისთან აქვს, მაგრამ აქვს "მეგობრული შეხვედრები".

ექსპრემიერმა მისი ყოფილი გუნდის დადებით მხარეებზეც ისაუბრა:

"მე მგონია, რომ ოცნება ნამდვილად არ დატოვებს ამ პოლიტიკურ ველს და არ გაქრება სადღაც. არც უნდა გაქრეს, რა თქმა უნდა, იმიტომ, რომ ამ წლების განმავლობაში, ოცნებამ ბევრი კარგი გააკეთა. მე მიკვირს იმ პოლიტიკოსების, მათ შორის, ძალიან ბევრი ახალი სახისაც, რომელიც ამბობს, რომ 8 წელი დაკარგა ქვეყანამ. ესე, რომ რვა წელი გადავაგდო... როგორც 9 წელი გადავაგდოთ არ არის სწორი, ჩემი აზრით, ყველას აქვს თავისი მიღწევები, თავისი სუსტი მხარეები".

გაიგეთ მეტი კვირიკაშვილის ინტერვიუზე:

გიორგი კვირიკაშვილი ქართული ოცნების პრემიერმინისტრი იყო 2015 წლის 30 დეკემბრიდან 2018 წლის 13 ივნისის ჩათვლით. კვირიკაშვილი პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან მალევე მას შემდეგ გადადგა, რაც ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ოფიციალურად დაბრუნდა და პარტიის თავმჯდომარედ დაინიშნა.

მისი წასვლის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად მმართველი გუნდი მოსახლეობაში ჭარბვალიანობასა და ეკონომიკურ რეფორმების არაეფექტურობას ასახელებდა. თავად კვირიკაშვილმა კი თანამდებობის დატოვებისას ხმამაღლა განაცხადა გუნდში არსებულ დაპირისპირებასა და შეუთანხმებლობაზე. იქამდე კი თავისი გადადგომის შესახებ გავრცელებული ცნობები რამდენჯერმე უარყო.