თამარ კორძაიასა და თამარ ხიდაშელის მიერ ინიცირებული კანონპროექტი სისხლის სამართლის კოდექსში ფემიციდის, როგორც ცალკე მუხლად განსაზღვრის შესახებ, პარლამენტმა ჩააგდო. პროექტს მხარსადაჭერად 50 ხმა სჭირდებოდა და 48 მიიღო. ნეტგაზეთის ინფორმაციით, სხდომაზე არ იმყოფებოდნენ თავისუფალი დემოკრატების, ნაციონალური მოძრაობისა და გირჩის დეპუტატები.

ინიციატივის თავდაპირველი ვერსიის მიხედვით, სისხლის სამართლის კოდექსს უნდა დამატებოდა 1081 მუხლი: ფემიციდი - გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალის განზრახ მკვლელობა.

კანონპროექტის ინიციატორმა, რესპუბლიკელმა თამარ კორძაიამ On.ge-ს განუცხადა, რომ, მისთვის გაუგებარია ისეთი პროექტისთვის მხარის არ დაჭრა, რომელიც ქალების სიცოცხლის დაცვისთვის შეიქმნა:

"ფაქტი ის არის, რომ ვიღაცას ეშინია ჭკვიანი და განათლებული ქალების პარლამენტში და მესმის, რომ ეშინიათ ამ ქალებმა მათ თანამდებობები არ წაართვან, მაგრამ აბსოლუტურად გაუგებარია, როდესაც კანონპროექტს, რომელიც ქალების დაცვას ითხოვს და პრინციპში, სიცოცხლისთვის ბრძოლის აქტი იყო - ამას არ აძლევდნენ ხმას".

თამარ კორძაიას თქმით, პარლამენტში საკომიტეტო განხილვებისას დაისვა საკითხი, რომ არ იყო საჭირო ფემიციდი კოდექსში ცალკე მუხლად შესულიყო და საკმარისი იქნებოდა მისი, როგორც დამამძიმებელი გარემოების, 109-ე მუხლისთვის დამატება. კორძაიას განმარტებით, ასეთი პრაქტიკა ევროპაში არსებობს და იქ არ აქვთ ფემიციდი ცალკე გამოტანილი, თუმცა მისი თქმით, დღევანდელ სხდომაზე არც ამ საკითხს დაუჭირეს მხარი და კანონპროექტი მთლიანად ჩავარდა:

"მისი ცალკე გამოყოფა პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო. ჩვენ მაინც დავთანხმდით და გამოვაცხადეთ გუშინ, რომ მაკვალიფიცირებელ გარემოებად დარჩენილიყო, მაგრამ დღეს მაკვალიფიცირებელსაც არ დაუჭირეს მხარი. სამწუხაროა, რომ ძალიან შორს ვართ თანასწორობის გაგებისგან".

ინიციატივის ავტორი კანონპროექტის მნიშვნელობაზე საუბრობს და ამბობს, რომ საზოგადოება აბსოლუტურად ვერ ხედავს პრობლემას პარლამენტის დონეზეც კი:

"ყველაზე მნიშვნელოვანი ამ კანონში იყო ის, რომ ცალკე მუხლად ვაცხადებდით მეუღლის, ყოფილი მეუღლის, პარტნიორის, ან ყოფილი პარტნიორის მიერ მკვლელობას, ეს ხდებოდა განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულში. ადამიანები ვერ ხვდებიან, რომ ცალკე მოტივირებული დანაშაულია ეს - უთანასწორობის, დისკრიმინაციისა და საკუთრებით მოტივირებულია".

თამარ კორძაია აცხადებს, რომ პარლამენტში ეს საკითხი ვეღარ განახლდება, მაგრამ ფემიციდის წინააღმდეგ ბრძოლას განაგრძობენ. ის სამწუხაროს უწოდებს იმ ფაქტს, რომ დღევანდელ პარლამენტს არ აღმაოჩნდა ქალებზე ძალადობის დაგმობის უნარი.