პარლამენტში თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მინისტრის საათის ფორმატში მისვლას ევროპული საქართველოსა და ნაციონალური მოძრაობის დეპუტატები არ დაესწრებიან. ოპოზიციურ პარტიებში აცხადებენ, რომ ისინი პოლიტიკური ბოიკოტის რეჟიმში ყოფნას აგრძელებენ.

როგორც ევროპული საქართველოს წევრი, სერგი კაპანაძე ამბობს, რეალურად, ღარიბაშვილთან კითხვებიც არ გააჩნიათ.

"ღარიბაშვილი არის გამორჩეულად ოდიოზური მინისტრი ამ მთავრობაშიც კი, რომელიც სახელს იმკვიდრებს თავისი სიბნელით და თავისი არაკომპეტენტურობით. რეალურად, მასთან არანაირი კითხვები არ გაგვაჩნია. ძალიან კარგად ვიცით მისი დამოკიდებულება, ძალიან კარგად ვიცით როგორი კორუფციული გარიგებები ხდება მის სამინისტროში. მათ შორის, ამ ბოლო პერიოდში ბევრი სკანდალური ფაქტი გასკდა. კარგად ვიცით მისი ქონების და საათების შესახებ, ამიტომ ამ პირობებში, რაიმე კითხვის დასმას არ ვაპირებთ", — განაცხადა კაპანაძემ.

ნაციონალური მოძრაობის წევრი, რომან გოცირიძე ღარიბაშვილის განცხადებას, რომ ოპოზიციის კითხვებს არ უპასუხებს, გამოეხმაურა და თქვა, რომ მისი განცხადება არაკონსტიტუციურია.

"ჩვენ ვართ ბოიკოტის რეჟიმში და არ დავესწრებით მის გამოსვლას. მან გააკეთა ანტიკონსტიტუციური განცხადება, როდესაც თქვა, რომ პარლამენტში მოსვლისას ის არ უპასუხებს ოპოზიციის კითხვებს. ეს შეიძლება შეფასდეს როგორც კონსტიტუციის დარღვევადაც, ვინაიდან ინტერპელაცია, ანუ დაბარება პრემიერის თუ მინისტრის კონსტიტუციურად უზრუნველყოფილი საკანონმდებლო ნორმა და რას ჰქვია არ უპასუხებს", — განუცხადა მთავარ არხს გოცირიძემ.

ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ის პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში ოპოზიციის შეკითხვებს არ უპასუხებს.

"მე ამ ადამიანებს პოლიტიკოსებად არ აღვიქვამ, ისინი არიან დამნაშავეები, ეს არის ჩემი პოზიცია და მე ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. მე ამ ადამიანების მიმართ არავითარი პოლიტიკური სიმპათია და ვალდებულება არ მაქვს, რომ მათ პასუხი გავცე ნებისმიერ კითხვაზე", — განაცხადა ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილი თავდაცვის მინისტრის რანგში პარლამენტში დღეს,12 ივნისს, პირველად წარდგება.