თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს წინაშე არსებული გარე საფრთხეების გარდა, "ძლიერდება შიდა რყევები", რის მიზეზადაც ის "დესტრუქციული ძალების გააქტიურებას" ასახელებს. ღარიბაშვილის აზრით, მათი მიზანი "მაღალი რეიტინგის მქონე ხელისუფლებისა და ავტორიტეტული ინსტიტუციების დასუსტებაა".

"დესტრუქციული ძალებისთვის მიუღებელია, რა თქმა უნდა, მაღალი რეიტინგის ხელისუფლება და საზოგადოებაში მაღალი რეიტინგის ისეთი ავტორიტეტული ინსტიტუციები, როგორიც არის ეკლესია, ჯარი, პოლიცია. ასევე, მიუღებელია საზოგადოების განწყობებზე მნიშვნელოვანი გავლენის მქონე ლიდერები და ინდივიდები", — განაცხადა მან პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

თავდაცვის მინისტრი ამტკიცებდა იმასაც, რომ ქვეყანაში "დასავლურობის ლეგენდით" შეფარული და "ფსევდოდასავლური ორგანიზაციები" არის. მისი თქმით, ამ ორგანიზაციების მთავარი ამოცანა "არასწორი და მავნე" დისკურსების ჩამოყალიბებაა. მისივე თქმით, ისინი ახდენენ "საზოგადოების დეზორგანიზაციას", რაც იწვევს დესტრუქციული გარე და შიდა ძალების გაძლიერებას.

"დაწყებულია და ძლიერდება კიდევ უფრო სხვადასხვა პროდასავლური ორგანიზაციის ლეგენდით, რეალობაში კი, რა თქმა უნდა, ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული ძალების მიერ საზოგადოებრივი განწყობების სხვა მიმართულებით შეცვლის პროცესი", — განაცხადა მან.

ღარიბაშვილს საუბრისას არ დაუკონკრეტებია იგულისხმება, თუ არა დესტრუქციულ ძალებში ოპოზიცია ან ფსევდოდასავლურ ორგანიზაციებში არასამთავრობო სექტორი, თუმცა ამ თემებზე საუბრისას კრიტიკულ მაგალითებად მოყვანილი სიტუაციები, სწორედ მათ აქტივობებს უკავშირდება.

ღარიბაშვილმა ისაუბრა იმაზეც, რომ ვრცელდება დეზინფორმაცია მისი უწყების წინააღმდეგ, რომელიც "რიგ შემთხვევაში უხამს ფორმას იღებს" და "ხდება მანიპულირება" სამხედრო ფეხსაცმლის, კვების, ფორმის, ჩოხების თუ საათების საკითხებზე. მისი თქმით, "დესტრუქციული ძალების" მიერ მისი და უწყების წინააღმდეგ წარმოებული კამპანიის მიზანია ქართული ჯარის იმიჯის დაკნინება, რაც იწვევს "სამხედრო სულისკვეთების მოშლას" და "ქმნის დამატებით ბარიერებს ჩრდილო ატლანტიკური ალიანსისთვის".