ნაციონალური მოძრაობის წევრის, სალომე სამადაშვილის თქმით, ხელისუფლებას მოახლოებული არჩევნების უკიდურესად ეშინია და არჩევნების შესაძლო გადადებაზე საუბარი ამიტომ დაიწყო.

"მე მინდა ცალსახად ვთქვა, პირველ რიგში საქართველოს კონსტიტუცია ადგენს, როდის უნდა ჩატარდეს არჩევნები და პანდემიას საქართველოს კონსტიტიციის და ჩვენი მოქალაქეების უფლებების დასარღვევად ვერავითარ შემთხვევაში ეს ხელისუფლება ვერ გამოიყენებს. როცა არ უნდა ჩატარდეს არჩევნები, ხვალ, ზეგ, ოქტომბერში თუ ერთი თვის შემდეგ, ქართულ ოცნებას ელოდება გარდაუვალი პოლიტიკური კრახი. ამიტომ რაც უფრო ნაკლები წინააღმდეგობის გზით წავა ბიძინა ივანიშვილი , მით უკეთესი იქნება მისთვის", — განაცხადა სამადაშვილმა.

ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ თუ COVID-19-ის მე-2 ტალღა ოქტომბრამდე იქნება, არჩევნები დეკემბრისთვის გადაიწევს. კობახიძე ვარაუდობს, რომ თუ კორონავირუსის მეორე ტალღა დაემთხვევა არჩევნებამდე პერიოდს [31 ოქტომბრამდეა], თეორიულად, არჩევნების თარიღის გადაწევა შესაძლებელია. მანვე აღნიშნა, რომ ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი მთავრობა ოქტომბერში ისევ საგანგებო მდგომარეობას გამოაცხადებს. კანონით კი, არჩევნები საგანგებო მდგომარეობის გაუქმებიდან არაუადრეს 45 დღისა და არაუგვიანეს 60 დღისა უნდა ჩატარდეს.