საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებას, რომ 2019 წლის 20 ივნისის გარკვეული მოვლენები არ ახსოვს, "ლელო საქართველოსთვის" ლიდერი ბადრი ჯაფარიძე ეხმიანება და პრემიერ-მინისტრის მდგომარეობას ამნეზიას უწოდებს.

"ვინ ჩაიდინა დანაშაული 20 ივნისის ღამეს, ვერ გავიგებთ, სანამ ხელისფულება არ შეიცვლება. რადგან პოლიტიზებული პროკურატურის სასამართლოს პირობებში სამართლიან გამოძიებას არ უნდა ველოდოთ", — აცხადებს ბადრი ჯაფარიძე

კითხვაზე, არსებობს თუ არა მოლოდინი იმის შესახებ, რომ გამოძიება სრულფასოვნად იქნება ჩატარებული "ლელო საქართველოსთვის" ლიდერის თქმით, პოლიტიზებული პროკურატურის სასამართლო პირობებში სამართლიან გამოძიებას არ უნდა ველოდოთ. ის აქვე განმარტავს, რომ სამართლიანი გამოძიების წარმოება მხოლოდ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ იქნება შესაძლებელი.

"გასარკვევია, გამოიყენა თუ არა პოლიციამ პროპორციული ძალა, მაგრამ მე ვფიქრობ, ეს ნამდვილად იყო არაპროპორციული ძალის გამოყენება", — განმარტავს ბადრი ჯაფარიძე.

ბადრი ჯაფარიძემ საუბრისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ "გავრილოვის ღამეს" ახალგაზრდების მიერ საპროტესტო აქციის მოწყობა დემოკრატიისკენ მიმავალი გზაა, — "ოკუპაციისადმი ახალგაზრდების შეუგუებლობა, რომელიც საპროტესტო აქციით გამოხატეს, არის დიდი იმედის მომცემი, რომ ეს ქვეყანა განვითარდება დემოკრატიის გზით და მოახერხებს დეოკუპაციას, რასაც ჩვენ ძალიან მალე ვნახავთ".