ქართული ოცნების დეპუტატმა და ყოფილმა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ რომ 2019 წლის 20 ივნისის დღე მათი ხელისუფლების შეცდომა იყო, ხოლო 20 ივნისის ღამე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დანაშაული.

"20 ივნისის დღე იყო ჩვენი შეცდომა, 20 ივნისი ღამე ნაციონალური მოძრაობის დანაშაული. ეს არის ზოგადი შეფასება, დანარჩენი საზოგადოება თავადაც უწყის", — თქვა ირაკლი კობახიძემ.

მოძრაობა სირცხვილია 20 ივნისიდან 1 წლის თავზე რუსთაველზე აქციის გამართვას გეგმავს. ორგანიზატორების განცხადებით, აქცია წესებისა და რეკომენდაციების დაცვით გაიმართება.

მათი თქმით, ხელისუფლების ქმედებები 1 წლის თავზეც სირცხვილია. მათივე განცხადებით, ხელისუფლებამ საკუთარ შეცდომაზე სწავლის ნაცვლად, გამოცხადებული ომი კიდევ უფრო გაამწვავა და თავისუფალ აზრს დაუპირისპირა როგორც ადმინისტრაციული რესურსი, ასევე მის მიერ მართული მედია და ასეულობით ყალბი ანგარიში სოციალურ ქსელში.

2019 წლის 20 ივნისს აქცია მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსეთის დუმის დეპუტატი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში დაჯდა. ხალხმრავალი აქცია პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომის მოთხოვნით გაგრძელდა. ირაკლი კობახიძე მხოლოდ მომდევნო დღეს გადადგა, მანამდე სპეცრაზმმა აქციაზე შეკრებილები ცრემლსადენი გაზისა და რეზინის ტყვიების გამოყენებით დაშალა. რამდენიმე მოქალაქემ დაკარგა თვალი. მთავრობა ამტკიცებს, რომ შეკრებილები პარლამენტის შტურმით აღებას აპირებდნენ და მათ წინააღმდეგ გამოძიებას აწარმოებს.