უმრავლესობის წევრი, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ელჩების განცხადების შემდეგ ევროპული საქართველო იძულებული გახდა, საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის პირველ კენჭისყრაზე მხარი დაეჭირა. მისი თქმით, ისინი ასევე იძულებული გახდებიან, რომ ცვლილებებს მხარი მეორე და მესამე მოსმენაზეც დაუჭირონ.

"სრული დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ არავითარი საფრთხის ქვეშ ამ კანონის მიღება არ დგას, 29 ივნისს წარმატებით დასრულდება ამ კანონის მიღება. მნიშვნელობა არ აქვს ევროპული საქართველო მიიღებს თუ არ მიიღებს ამ კენჭისყრებში მონაწილეობას. დღეს ისინი ელჩების განცხადების შემდეგ გახდნენ იძულებული მხარი დაეჭირათ საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის. ალბათ, ასევე იძულებული გახდებიან მეორე და მესამე მოსმენაზე, თუმცა მათი ხმების გარეშეც ძალიან მარტივად გავა ეს საკონსტიტუციო ცვლილებები. იმიტომ, რომ მას მათ გარეშეც ექნება 116 დეპუტატის მხარდაჭერა", — განაცხადა კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. ცვლილებების თანახმად, არსებული საარჩევნო სისტემა უნდა შეიცვალოს და მომავალი მოწვევის პარლამენტში პარტიული სიით 77-ის ნაცვლად 120 დეპუტატს აირჩევენ, მაჟორიტარი კი 73-ის ნაცვლად მხოლოდ 30 იქნება. ცვლილებებს მხარი 136-მა დეპუტატმა დაუჭირა, 5-მა წინააღმდეგ მისცა ხმა.

ცვლილებებს მხარი დაუჭირა ევროპული საქართველომაც. დავით ბაქრაძის განცხადებით, პარტიამ ეს გადაწყვეტილება მიიღო, რათა ქართულ ოცნებას არ ჰქონდეს შესაძლებლობა, საარჩევნო სისტემის ცვლილებები კვლავ ჩააგდოს. მისივე თქმით, ასე დარჩება მეტი დრო იმისთვის, რომ შეთანხმება შესრულდეს "პოლიტიკური დევნის" ნაწილში და იმისთვის, რომ პროკურატურამ მიიღოს გადაწყვეტილება გიორგი რურუას გათავისუფლებასთან დაკავშირებით.

კენჭირსყრის დაწყებამდე ცნობილი გახდა, რომ ცვლილებებს მხარს არ დაუჭრდნენ: ემზარ კვიციანი, ნატო ჩხეიძე, ბიძინა გეგიძე, დავით ჭიჭინაძე და ალექსანდრე ერქვანია. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია ნაციონალურ მოძრაობასაც. ასევე, ცნობილი იყო, რომ უმრავლესობის მაჟორიტარი დეპუტატი, კახა ოქრიაშვილი ცვლილებებს მხარს არ დაუჭერდა.