ხვალიდან, 25 ივნისიდან, თბილისის მერი, კახა კალაძე ფეიკნიუსის წინააღმდეგ ვიდეოჩართვებს იწყებს. მისი თქმით, ყველას, ვინც მერიისა და მის წინააღმდეგ ცრუ ინფორმაციას ავრცელებს, "ცხვირ-პირში სიმართლის მუშტი მოხვდებათ".

როგორც კალაძე ამბობს, რადგან არჩევნები ახლოვდება, პოლიტიკოსებსა და მედიასაშუალებებში ცრუ და ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელებამ იმატა და სწორედ ამიტომ, აპირებს, რომ მათ "არგუმენტირებულად" და "რაციონალურად" უპასუხოს.

როგორც კალაძე ამბობს, ვიდეოჩართვებში მოსახლეობას აჩვენებენ, თუ როგორ ცდილობენ კონკრეტული მედიასაშუალებები საზოგადოების სიცრუეში შეყვანას.

"ვგრძნობთ ძალიან დიდ პასუხისმგებლობას არ დავტოვოთ პასუხგაუცემელი ის სიცრუე და ცილისწამება, რომელსაც ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობაზე, სამწუხაროდ, თხზავენ გამარგინალებული პოლიტიკოსები და ავრცელებენ თავიანთი მედიასაშუალებებით. ასე, რომ ვიწყებთ, თითოეულ ფეიკბრალდებაზე, რაც არ უნდა სისულელე იყოს, ყოველთვის გავცემთ არგუმენტირებულ, რაციონალურ პასუხს. ვალდებულები ვართ, ხელი შევუშალოთ სიცრუის პროპაგანდას და მის დანერგვას ჩვენს მედიასივრცეში", — განაცხადა კალაძემ.

მისივე ინფორმაციით, პირველი ვიდეოჩართვა, ხვალ, 22:00 საათზე იქნება.

"ხვალ 22 საათზე გვიყურეთ, რომ გქონდეთ სწორი ინფორმაცია ყველა იმ სიცრუეზე, იმ სიბინძურეზე, რაც დედაქალაქის მუნიციპალიტეტის და პირადად ჩემი მისამართით ისმის. ყველა კითხვას გაეცემა შესაბამისი პასუხი და ყველას ცხვირ-პირში მოხვდება სიმართლის მუშტი", — განაცხადა კალაძემ.