გერმანიის ელჩი, ჰუბერტ ქნირში გაეროს ბავშვის უფლებათა დაცვის კომიტეტში სოფო კილაძის კანდიდატურასთან დაკავშირებით უფლებადამცველ ანა აბაშიძეს პასუხობს. თავის წერილში ის სოფო კილაძის შესახებ მიმართვის გამო არასამთავრობო ორგანიზაციებს აკრიტიკებს.

"ნება მომეცით, გამოვხატო ჩემი წუხილი ბრალდებების მიმართ, რომელიც საქართველოს კანდიდატის სოფო კილაძის მიმართაა წაყენებული. სამწუხაროდ, როგორც ვიცით, პირადი სახის შეტევა პოლიტიკური პარტიების მხრიდან ხშირად ხდება განსაკუთრებით საქართველოში, სადაც პოლიტიკური ლანდშაფტი უკიდურესად პოლარიზებულია. რაც შეეხება სამოქალაქო ორგანიზაციებს, საერთაშორისო პარტნიორები აფასებენ მათ მიერ გაწეულ ღირებულ შრომას ნაცვლად ამ დონემდე დაშვებისა.

გთხოვთ, ასევე გვენდეთ, რომ ჟენევის მისიას საკმარისი ინფორმაცია აქვს ამ და სხვა საელჩოებისაგან იმისთვის, რომ თითოეულ წარდგენილ კანდიდატზე წარმოდგენა შეექმნას

მადლობელი ვიქნები, თუ ჩემს შენიშვნებს ორგანიზიებს წარუდგენთ, რომელბმაც განცხადებას ხელი მოაწერეს", — აცხადებს გერმანიის ელჩი.

ადამიანის უფლებებზე მომუშავე 52 არასამთავრობო ორგანიზაცია გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტს მიმართვას, რომ პარლამენტის დეპუტატი სოფო კილაძე ახალ წევრად არ აირჩიონ. ივნისის ბოლოს აღნიშნულმა კომიტეტმა 9 ახალი წევრი უნდა აირჩიოს.

მონაწილე სახელმწიფოები კომიტეტის მომავალ კანდიდატებს გამჭვირვალე და ღია კონკურსის წესით არჩევენ და წარუდგენენ კომიტეტს. საქართველომ კომიტეტის წევრობის კანდიდატად პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო კილაძე წარადგინა.

როგორც ხელმომწერი ორგანიზაციები აცხადებენ, ბავშვის უფლებათა კომიტეტის წევრობის კანდიდატის შერჩევისას გაეროს რეკომენდაციები პროცედურებთან შედარებით გათვალისწინებული არ იყო.

არასამთავრობო ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ კილაძე არ უნდა აირჩიონ კომიტეტის წევრად, რადგან მისი კვალიფიკაცია, რეპუტაცია და შერჩევის პროცესში გაეროს რეკომენდაციების დარღვევა ამის საფუძველს არ იძლევა.

რაც შეეხება კანდიდატის შერჩევის ღიაობას, განცხადებაში ნათქვამია, რომ გაეროს მოთხოვნით, კონკურსი უნდა იყოს ღია, კანდიდატებთან ჩატარდეს საჯარო გასაუბრება და ყველა დაინტერესებულ პირს კონკურსში მონაწილეობის საშუალება უნდა მიეცეს. როგორც ორგანიზაციები აცხადებენ, სოფო კილაძე საზოგადოებისგან ფარულად შეირჩა.

ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ სოფო კილაძე მნიშვნელოვან კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებს და არ აქვს მაღალი ექსპერტული ცოდნა ბავშვის უფლებების დაცვის სფეროში.

სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ასევე ამბობენ, რომ სოფიო კილაძესთან დაკავშირებით სახეზეა ინტერესთა კონფლიქტი, რის გამოც ის ვერ ჩაითვლება დამოუკიდებელ კანდიდატად. ამის მიზეზი კი ისაა, რომ შერჩევის დროს და ახლაც ის პარლამენტის დეპუტატია, რის გამოც არ შეიძლება ჩაითვალოს, რომ მმართველი გუნდის წარმომადგენელი დამოუკიდებელი კანდიდატია.

ერთ-ერთ პრობლემურ საკითხად ორგანიზაციები ასევე გამოყოფენ სოფო კილაძის სამოქალაქო სექტორთან ურთიერთობას.

განცხადებაზე ხელმომწერი 52 ორგანიზაცია გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტს თხოვნით მიმართავს, რომ გაითვალისწინონ კრიტიკული შეფასებები და სოფო კილაძის არჩევა არ დაუშვან.