ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემების მიხედვით, მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 10 მილიონს გადააჭარბა.

ეს მონაცემი ჩინეთის ქალაქ უხანში დეკემბრის შუა რიცხვებში პირველად აღრიცხული შემთხვევიდან ექვსი თვის თავზე დაფიქსირდა. დღეისთვის მსოფლიოს მასშტაბით ზუსტი რიცხვები ასე გამოიყურება: 10 001 527 ინფიცირებული და მინიმუმ 499 123 გარდაცვლილი ადამიანი.

ამ სტატისტიკის პარალელურად რიგ ქვეყნებში საკარანტინე ზომები მსუბუქდება, თუმცა ვირუსი სხვადასხვა რეგიონში კვლავ განაგრძობს გავრცელებას. გერმანიის მსგავს სახელმწიფოებში, რომლებიც პირველ ტალღას ეფექტიანად გაუმკლავდნენ, ბოლო პერიოდში კვლავ შეიმჩნევა ინფიცირების შემთხვევათა მატება. ექსპერტთა ნაწილის თქმით, ეს პრობლემა ვაქცინის გამოგონებამდე ვერ გადაიჭრება.

ზოგ ქვეყანაში კი ყოველდღიურად 10 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა ფიქსირდება. მაგალითად, ინდოეთის დედაქალაქ ნიუ დელიში ხელისუფლება ინფიცირების ტალღასთან გასამკლავებლად სპეციალურად COVID-19-ის მკურნალობისთვის განკუთვნილი კლინიკის გახსნას სასწრაფო წესით ცდილობს.

დღეისთვის აშშ სიკვდილიანობისა და დადასტურებული შემთხვევების რაოდენობით მსოფლიოში პირველ ადგილზეა. ქვეყანაში კორონავირუსისგან ინფიცირების ორმილიონ-ნახევარზე მეტი და სიკვდილის 125 ათასზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული.