საქართველოში ქალებს ყველაზე ხშირად ქმრები, ყოფილი ქმრები ან პარტნიორები კლავენ. ამის შესახებ საუბარია ომბუდსმენის ფემიციდის მონიტორინგის ანგარიშში, რომელიც 2014-2018 წლებს მოიცავს.

საქართველოს სახალხო დამცველის გენდერის დეპარტამენტმა ფემიციდის და ფემიციდის მცდელობის სულ 83 საქმე გააანალიზა. აქედან 44 ეხება მხოლოდ ფემიციდს, 38 — ფემიციდის მცდელობას, 1 საქმე კი, როგორც ფემიციდს, ისე ფემიციდის მცდელობას.

83 ქალიდან 12 ქმარმა მოკლა, 5 პარტნიორმა, 4 ყოფილმა ქმარმა, 4 შვილმა. გენდერული ნიშნით ქალები მოკლეს მათთან ნათესაურ კავშირში მყოფმა სხვა პირებმაც. მათ შორის არიან: სიძე, მაზლი, პარტნიორის შვილი, ძმისშვილი, ნათლულის შვილი, მამინაცვალი.

ფოტო: სახალხო დამცველი

ქალების მკვლელობასაც უმეტესად ქმრები, პარტნიორები ან ყოფილი ქმრები ცდილობენ. სახალხო დამცველის მიერ შესწავლილ საქმეებში, ფემიციდის ჩამდენი ოჯახის წევრები არიან: 2014 წლიდან 2018 წლამდე პერიოდში ქმრებმა 18 ქალის მკვლელობა სცადეს, ყოფილმა ქმრებმა კი — 11 ქალის.

სასამართლოში არსებული საქმეების შესწავლის შედეგად, სახალხო დამცველი ამბობს, რომ ქალების მკვლელობის ძირითად მოტივად შურისძიება და ეჭვიანობა სახელდება.

ფოტო: სახალხო დამცველი

"დანაშაულის ჩადენის გენდერული მოტივი იკითხება ბრალდებულის, დაზარალებულისა და სხვა მოწმეთა ჩვენებებში, სადაც ხშირია გენდერულად განსაზღვრული ლექსიკის გამოყენება. მიუხედავად ამისა, როგორც გამოძიების, ისე სასამართლოს ეტაპზე, პრობლემურია გენდერული მოტივის გამოკვეთა და მასზე მსჯელობა. ყველაზე ხშირად, როგორც ფემიციდის, ისე ფემიციდის მცდელობის ჩადენის მოტივად მითითებულია შურისძიება და ეჭვიანობა", — აღნიშნულია სახალხო დამცველის ანგარიშში.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სახალხო დამცველი იყენებს ფემიციდის შემდეგ განმარტებას:

ფემიციდი არის გენდერის ნიშნით ჩადენილი ქალის მკვლელობა, ანუ ქალის მკვლელობა, რომლის ჩადენის მოტივი ან კონტექსტი დაკავშირებულია ქალის მიმართ გენდერულ ძალადობასთან, დისკრიმინაციასთან, ან ქალის დაქვემდებარებულ როლთან, რაც გამოიხატება ქალზე უფლებების ქონის სურვილით, ქალთან შედარებით უპირატესი მდგომარეობით, ქალის მიმართ მესაკუთრული დამოკიდებულებით, მისი ქცევის კონტროლით, ან მის გენდერთან დაკავშირებული სხვა მიზეზით, ასევე, ქალის თვითმკვლელობამდე მიყვანა ზემოაღნიშნული მიზეზებით.

ომბუდსმენის აპარატი აღნიშნავს, რომ კვლევაში მითითებული სტატისტიკური ინფორმაცია სასამართლოებიდან მიღებული საქმის მასალების ანალიზს ეფუძნება. ამასთან, ანგარიშში არის პროკურატურის მიერ მიწოდებული სტატისტიკაც, რომელიც, სახალხო დამცველის თქმით, ცალკეულ შემთხვევაში, არ შეესაბამება სასამართლოს მიერ მოწოდებულ სტატისტიკურ ინფორმაციას. ამ გარემოების გათვალისწინებით, ანგარიშში მითითებულია, რომ მოცემული სტატისტიკა არ უნდა აღვიქვათ 2014-2018 წლებში მომხდარი ქალთა მკვლელობებისა და მკვლელობის მცდელობის ფაქტების ზუსტ სტატისტიკად.