ჩეხეთი ევროკავშირის საბჭოს მიერ შეთავაზებული 15 "უსაფრთხო" ქვეყნიდან მხოლოდ რვას გაუხსნის საზღვარს. მათ სიაში ვერ მოხვდა საქართველო. ამის შესახებ ინფორმაციას Schengenvisainfo News ავრცელებს. საქართველოსთან ერთად შეხეთმა სიიდან ამოიღო ალჟირი, მაროკო, რუანდა, ტუნისი, ურუგვაი და ჩინეთი. ჩეხეთის მთავრობის მიერ შედგენილ "პერსონალიზებული" სიაში მოხვდა:

  1. ავსტრალია;
  2. კანადა;
  3. იაპონია;
  4. მონტენეგრო;
  5. ახალი ზელანდია;
  6. სერბეთი;
  7. სამხრეთ კორეა;
  8. ტაილანდი.

დღეს, 30 ივნისს ევროკავშირის საბჭომ ოფიციალურად გამოაქვეყნა მათ მიერ შემუშავებული დოკუმენტი, პირველი ივლისიდან მოგზაურობის შეზღუდვების დროებითი შემსუბუქების შესახებ. საბჭოს განცხადებაში წერია, რომ სია ყოველ ორ კვირაში განახლდება, ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე. დოკუმენტი სარეკომენდაციო ხასიათისაა და წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ გაითვალისწინონ, ან პირიქით.

მოგზაურთა დასაშვებად, მესამე ქვეყნებისთვის განმსაზღვრელია ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და უსაფრთხოების ზომები, როგორიცაა, ფიზიკური დისტანცია და ეკონომიკური და სოციალური მოსაზრებები. საბჭოს განცხადებით, ეპიდემიოლოგიური სიტუაციის თვალსაზრისით, მესამე ქვეყნები შემდეგ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ:

  • კორონავირუსის ახალი შემთხვევები 14 დღის განმავლობაში 100 000 ადამიანზე ევროპის საშუალო მონაცემებთან ახლოს ან ქვემოთ (2020 წლის 15 ივნისის მდგომარეობით);
  • ახალი შემთხვევების სტაბილური ან კლებადი ტენდენცია აღნიშნულ პერიოდში, წინა 14 დღესთან შედარებით;
  • ზოგადი პასუხი COVID-19-თან, სადაც მხედველობაში მიიღება ტესტირება, დაკვირვება, კონტაქტების მოძიება, მკურნალობა და ინფორმაციის სანდოობა. ასევე, საჭიროების შემთხვევაში ჯანდაცვის საერთაშორისო რეგულირების საშუალო ქულა.