საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის თანამდებობაზე გიორგი მათიაშვილი დაინიშნა. ცერემონიალი მე-4 მექანიზებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გაიმართა.

უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიალს თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი და საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ესწრებოდნენ, რომლებმაც ახალ მეთაურს ნდობა გამოუცხადეს.

"ჩვენ ვართ მომავალზე ორიენტირებული ქვეყანა და გვაქვს ამბიცია, მაგალითი მივცეთ სხვებს. საქართველოს თავდაცვის ძალებს აქვს ძლიერი საერთაშორისო მხარდაჭერა და მჯერა, რომ ამ თანამშრომლობის საბოლოო შედეგი იქნება ისეთი, როგორიც სჭირდება საქართველოს და საქართველო მოიპოვებს თავის ადგილს ევროპულ ოჯახში", — თქვა სალომე ზურბაშვილმა.

სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წლიდან დღემდე, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილისა და გენერალური შტაბის უფროსის თანამდებობას იკავებდა. ის დაჯილდოებულია: ღირსების ორდენით, ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით, 7 მედლით და საშტატო ცეცხლსასროლი იარაღით. თავდაცვის ძალების ხელმძღვანელის პოზიციას მანამდე ვლადიმერ ჩაჩიბაია იკავებდა.