VR ტექნოლოგიის განვითარებაში დღეს მრავალი კომპანიაა ჩართული, რომლებიც ამ მიმართულებით მოწყობილობებსა და აპლიკაციებს ქმნიან. ასეთი კომპანიების რიცხვშია ფეისბუქიც, რომელიც ვირტუალური რეალობის ახალ კომპაქტურ მოწყობილობაზე მუშაობს.

ახალ VR მოწყობილობას მზისგან დამცავი სათვალის ფორმა და ზომები აქვს. ასეთი მოქნილი მოწყობილობის შექმნის საიდუმლო კი იმაში მდგომარეობს, რომ მასში სტანდარტული VR ოპტიკის ნაცვლად ჰოლოგრაფიკული ლინზები გამოიყენეს. ახალი ტექნოლოგიის მეშვეობით, სინათლე, სანამ ის თვალში გაივლის, ლინზასა და დისპლეის შორის აირეკლება. ასეთი სახით მოწყობილობა უფრო კომპაქტური, მსუბუქი და მოსახერხებელი იქნება.

მოწყობილობის არსებული პროტოტიპის სისქე 9 მმ-ზე ნაკლებია, ხოლო ხედვის კუთხე არაფრით ჩამოუვარდება თანამედროვე სამომხმარებლო VR მოწყობილობების მაჩვენებელს. ინჟინრები ვარაუდობენ, რომ მოწყობილობის წონა საბოლოო პროტოტიპში არ გადააჭარბებს 6.6 გრამს.

ამჟამად პროტოტიპზე მუშაობა დასრულებული არაა, რადგან ჯერჯერობით მისი გამოსახულება მხოლოდ მწვანე ფერში ჩანს, რაც კიბერპანკურ განწყობას კი ქმნის, თუმცა სრულყოფილ გამოსახულებას ვერ იძლევა. ამასთან, ოპტიკური ზედაპირების მიერ სინათლის არეკვლის შედეგად ხედვის არეალის კიდეებიც გადანათებულია.

ფოტო: გამოსახულება პროტოტიპიდან

კომპანიის ინჟინრები აქტიურად მუშაობენ ტექნოლოგიის ოპტიმიზაციაზე, რათა მომავალში ჩვეულებრივი სათვალის ზომის მოწყობილობას დღევანდელი VR მოწყობილობების მსგავსი წარმადობა ქონდეს.