საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიისთვი მთავარი არხის სიუჟეტზე მიმდინარე გამოძიებას ეხმაურება და დაუშვებლად მიაჩნია, რომ საგამოძიებო და სასამართლო ორგანოები ერეოდნენ მედიის საქმიანობაში და აფასებდნენ მომზადებული მასალის შინაარსს.

ქარტია აცხადებს, რომ კანონმდებლობით მედიის მიერ გავრცელებული ნებისმიერი ინფორმაციის შინაარსზე მსჯელობა არის თვითრეგულირების მექანიზმის პრეროგატივა და დაუშვებელია, რომ ეს ფუნქცია შეასრულოს ხელისუფლების რომელიმე შტომ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაიწყო გამოძიება ტელეკომპანია მთავარი არხის ეთერში გასულ ერთ-ერთ სიუჟეტზე, რომელსაც სუს საკუთარ განცხადებაში დეზინფორმაციულს უწოდებს. გამოძიება მიმდინარეობს საბოტაჟის საქმეზე. თბილისის საქალაქო სასამართლომ კი თავისი განჩინებით ტელეკომპანიისგან გამოითხოვა როგორც ეთერში გასული სიუჟეტები, ასევე სრული და დაუმონტაჟებელი მასალა.

როგორც ქარტიაში აღნიშნავნე, ყველა ეს ქმედება მედიის თავისუფლებაში უხეში ჩარევის სახიფათო პრეცედენტია.

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაწყებული გამოძიება და საქალაქო სასამართლოს განჩინება წარმოადგენს როგორც ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი კონკრეტული მედიასაშუალების, ასევე მთლიანად მედიაგარემოს გაკონტროლების მცდელობას, რაც სახიფათო და დამაზიანებელია ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის", — ნათქვამია ქარტიის განცხადებაში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მტკიცებით, საბოტაჟის საქმეზე გამოკითხული მთავარი არხის რესპონდენტები ამბობენ, რომ ტელეკომპანიამ მათი კომენტარები დაამონტაჟა. უწყებაში აცხადებენ, რომ მთავარმა არხმა აზერბაიჯანულენოვანი ინტერვიუები არასწორად თარგმნა და გაავრცელა ინფორმაცია, რომ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, გარდაცვალების მიზეზად კორონავირუსის დასახელების სანაცვლოდ, მოქალაქეებს 3 000-დან 10 000 ლარამდე სთავაზობენ. პასუხად მთავარ არხში აზერბაიჯანულენოვანი ვერსია, ტიტრებით გაუშვეს.