პეტიციით "გადავარჩინოთ უნიკალური ხადის ხეობა" საქართველოს მთავრობას და საერთაშორისო ბანკებს მოუწოდებენ, რუსეთისკენ მიმავალი ქვეშეთი-კობის გზის მონაკვეთი ხადის ხეობის გავლით არ აშენდეს.

საქართველოს მთავრობასთან ერთად, პეტიციის ადრესატები არიან: ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი და აზიის განვითრების ბანკი-ის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები, რომლებიც ქვეშეთი-კობის გზის მონაკვეთის პროექტს აფინანსებენ.

"უნიკალური ისტორიულ-კულტურული ღირებულებისა და ტურისტული პოტენციალის მქონე ხადის ხეობას საფრთხე ემუქრება", — ნათქვამია პეტიციაში, რომლის ინიციატორებიც ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი, ხელოვნებათმცოდნეები, არქეოლოგები, ბიომრავალფეროვნების ექსპერტები და გარემოს დამცველები არიან. პეტიციის ხელმომწერები ითხოვენ:

  • დაუყოვნებლივ შეჩერდეს ქვეშეთი-კობის გზის მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები; საზოგადოების ფართო ჩართულობით შემუშავდეს ჩრდილოეთ-სამხრეთი დერეფნის მონაკვეთის ალტერნატივა;
  • პროექტის შესაძლო უარყოფითი ზემოქმედების თავიდან ასაცილებლად ჩატარდეს აუცილებელი წინასწარი კვლევები;
  • ხადის ხეობა დაცულ ლანდშაფტად გამოცხადდეს, რათა დაცული იყოს ხადის ბუნებრივ-კულტურული გარემო და ხელი შეეწყოს მდგრადი ეკოტურიზმის განვითარებას.

"ჩვენ ერთი წლის განმავლობაში ყველანაირ ოფიციალურ მეთოდს მივმართეთ იმისათვის, რომ ხადის ხეობა გადაგვერჩინა, მაგრამ იმის ნაცვლად რომ მთავრობას ჩვენთვის და სპეციალისტებისთვის მოესმინა, მშენებლობა დაიწყო. ვფიქრობთ, ეს არ არის მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობის ბრძოლა. ხადის ხეობა თუ დავკარგეთ, მას მთელი საქართველო დაკარგავს. ამიტომ, იმედი გვაქვს, რომ ხადის ისტორიული კულტურული მემკვიდრეობისა და მდიდარი ბიომრავალფეროვნების დასაცავად ყველა გავერთიანდებით", — ამბობს ხადის მკვიდრი გიგა ჩოხელი.

ხელოვნებათმცოდნე მანანა სურამელაშვილის თქმით, ხადის ხეობის მცირე ტერიტორიაზე შემორჩენილია IX-X სს-ების ეროვნული მნიშვნელობის სამი ძეგლი.