ლანა დელ რეის ახალი ნამუშევარი იმაზე მალე გამოქვეყნდება, ვიდრე ვფიქრობდით.

საგამომცემლო სახლმა Simon & Schuster წინა კვირას განაცხადა, რომ მომღერლის სადებიუტო ლექსების კრებული, ია უკუხრილი ბალახის თავზე (Violet Bent Backwards Over the Grass), და პოეტური ალბომი, 28 ივლისს გამოიცემა, ხოლო მაგარყდიანი გამოცემა 29 სექტემბრიდან იქნება ხელმისაწვდომი. ორივე გამოცემის წინასწარ შეკვეთა უკვე შესაძლებელია.

ლანა დელ რეის სადებიუტო წიგნი — "ია უკუხრილი ბალახის თავზე"

ლანა დელ რეის სადებიუტო წიგნი — "ია უკუხრილი ბალახის თავზე"

ფოტო: Simon & Schuster Ltd.

კრებული მოიცავს 30-ზე მეტ ლექსს, ხოლო სქელყდიან გამოცემაში ასევე შევა მომღერლის მიერ საბეჭდ მანქანაზე დაწერილი ტექსტები და ორიგინალი ფოტოები. პოეტურ ალბომში დელ რეი წაიკითხავს 14 რჩეულ ტექსტს წიგნიდან, რომელიც გრემის მფლობელი მუსიკოსისა და პროდიუსერის, ჯეკ ენტონოფის, აკომპანიმენტით იქნება გაფორმებული. ენტონოფთან ერთად მომღერალი ბოლოს გამოსულ ალბომზე, Norman Fucking Rockwell, მუშაობის დროსაც თანამშრომლობდა.

პოეტური ალბომის ჩამოტვირთვა შესაძლებელი იქნება ყველა ძირითადი აუდიოწიგნების ვებგვერდებიდან. ალბომის ვინილის და CD გამოცემები კი 2 ოქტომბრიდან იქნება ხელმისაწვდომი Interscope-ზე.

ამბავი მომღერლის წიგნზე საკამათო განცხადებასთან ერთად გამოჩნდა, რომელიც დელ რეიმ მაისში გააკეთა. მასში დელ რეი საყვედურობს ადამიანებს, რომლებმაც იგი მის მუსიკაში ასახული "გლამურული ძალადობისთვის" გააკრიტიკეს, მაშინ, როცა Cardi B-ის ნიკი მინაჟს და სხვებს ჰიტები აქვთ დაწერილი "სექსუალურობის, სიშიშვლის, სექსისა და ღალატის შესახებ".

როცა მომღერალი კიდევ ერთხელ გაეხვა კრიტიკის ქარ-ცეცხლში და მას განსხვავებული კანის ფერი მქონე ქალებზე თავდასხმაში დასდეს ბრალი, დელ რეიმ საკუთარ ინსტაგრამზე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ამბობს: "ჩემი მეგობრები გამუდმებით მახსენებენ, რომ, ლირიკულად, არსებობს შრეები და რთული ფსიქოლოგიური ფაქტორები, რაც ჩემს დაწერილ სიმღერებში აისახება, თუმცა მინდა ვთქვა, რომ თანამედროვე პოპ-კულტურა ძალიან ავადმყოფურია და ფაქტი, რომ მათ სურთ ჩემი პოსტი — სადაც სისუსტეს ვამართლებ — აქციონ რასისტულად, ძალიან ცუდია". მან ასევე აღნიშნა, რომ მისი კომენტარები კონტექსტიდან ამოგლეჯილი იყო და მომღერლები, რომლებზეც საუბრობს, მისი "საყვარელი ადამიანები" არიან.

ფოტო: C Flanigan / Getty Images

ია უკუხრილი ბალახის თავზე მომღერლის პირველი წიგნია, თუმცა გამომცემელთან მას ორწიგნიანი ხელშეკრულება აქვს გაფორმებული. ლანა დელ რეის მომდევნო ალბომი, Chemtrails Over the Country Club, ხელმისაწვდომი 5 სექტემბრიდან იქნება.