75 წლის შემდეგ, ჰოლოკოსტს გადარჩენილმა 90 წლის ქალმა, როგორც იქნა, შეძლო, მადლობა გადაეხადა იმ ამერიკელი ჯარისკაცის ოჯახისათვის, ვინც საკონცენტრაციო ბანაკის გათავისუფლებისას იმედი მისცა.

ლილი ებერტი მისი შვილთაშვილის, 16 წლის დოვ ფორმენის, დახმარებითა და Zoom-ის ზარის საშუალებით ჯარისკაცის შვილებს დაუკავშირდა.

"დაუჯერებელია. ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ასეთი რამე შეიძლება მომხდარიყო. შესანიშნავი გრძნობა იყო", — ამბობს ებერტი NBC News-თან სატელეფონო საუბარში.

შეხვედრა შესაძლებელი გახდა ტვიტის შემდეგ, რომელიც ფორმენმა გამოაქვეყნა და ვირუსულად მოედო სოციალური ქსელის სივრცეს.

როცა კარანტინის შეზღუდვები შემსუბუქდა, 16 წლის ბიჭმა საკუთარ თავზე აიღო, ებერტის ომისდროინდელი ამბები შეესწავლა და მან დიდ ბებიასთან სტუმრობა კვლავ შეძლო.

"ჩემი დიდი ბებია, რასაკვირველია, ყოველთვის ჩვენ გვერდით არ იქნება და მისი ისტორიის ტარება საბოლოოდ ჩემი ოჯახის მოვალეობა გახდება", — ამბობს ფორმენი.

ერთ-ერთი ბოლო სტუმრობისას ფორმენმა გერმანული ფულის კუპიურა შენიშნა ებერტის ძველ ფოტოალბომში.

ებერტმა განუმარტა, რომ საკონცენტრაციო ბანაკის გათავისუფლებიდან რამდენიმე კვირის თავზე იგი ამერიკელ ჯარისკაცს შეხვდა გერმანიის ქალაქ პფაფროდაში. რადგან სხვა არაფერი ჰქონდა დასაწერად, ჯარისკაცმა ფულის კუპიურა გამოიყენა, რათა ებერტისთვის გასამხნევებელი სიტყვები დაეტანა ქაღალდზე.

"ახალ ცხოვრებას იწყებ. წარმატებას და ბედნიერებას გისურვებ", — დაწერა ამერიკელმა.

თუმცაღა ეს უბრალო ჟესტი იყო, მან ახალგაზრდა ებერტის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლი მაინც შეასრულა.

"ეს ჯარისკაცი პირველი ადამიანი იყო, ვინც ჩვენ კეთილად მოგვექცა", — ამბობს იგი, — "ამ საშინელი გამოცდილების შემდეგ იგი პირველი იყო, სიკეთე გამოიჩინა და მაგრძნობინა, რომ ვიღაცას ჩემი დახმარება სურდა".

ამ ისტორიით აღელვებულმა ფორმენმა გადაწყვიტა, კუპიურის ფოტოები ტვიტერზე განეთავსებინა. როგორც ის ამბობს, მისდა გასაოცრად, ტვიტი რამდენიმე საათში ვირუსულად გავრცელდა.

ტვიტერის ერთ-ერთმა მომხმარებელმა, რომელმაც იგი ნახა, ფორმენს უთხრა, რომ უცნობი ჯარისკაცი შესაძლოა რიგითი ჰაიმენ შულმანი ყოფილიყო. მიუხედავად იმისა, რომ იგი 2013 წელს დაიღუპა, ომის პერიოდში ჯარისკაცის გადატანილი ამბები მისსავე წერილებშია ასახული, რომელსაც იგი ცოლს უგზავნიდა და რომელიც მისმა ოჯახმა მოგვიანებით აღმოაჩინა.

ლილი ებერტი და დოვ ფორმენი (მარჯვნივ) Zoom-ის ზარის საშუალებით ესაუბრებიან არლინ და ჯეისონ შულმანებს, შთამომავლებს ამერიკელი ჯარისკაცისა, ვინც ომის დროს  ებერტი მის შვილთან და ქმართან, ბილა და ჯულიენ ვაიდერებთან, ერთად გაათავისუფლა.

ლილი ებერტი და დოვ ფორმენი (მარჯვნივ) Zoom-ის ზარის საშუალებით ესაუბრებიან არლინ და ჯეისონ შულმანებს, შთამომავლებს ამერიკელი ჯარისკაცისა, ვინც ომის დროს ებერტი მის შვილთან და ქმართან, ბილა და ჯულიენ ვაიდერებთან, ერთად გაათავისუფლა.

ფოტო: Dov Forman

ფორმენის თქმით, მცირეხნიანი მოკვლევის შემდეგ, მან დაადგინა შულმანების შვილების ადგილსამყოფელი ნიუ-იორკში და შეძლო, ოჯახები დისტანციურად დაეკავშირებინა.

"მართლაც ძალიან გამორჩეული მომენტი იყო. თითქოს, მხოლოდ ერთი დაწკაპებით ოჯახად ვიქეცით", — ამბობს იგი.

ებერტისთვის კი ასევე განსაკუთრებული მომენტი იყო, ესაუბრა იმ ადამიანებთან, ვინც წარსულის საშინელებებზე უწყის.

"ვიცი, რომ ეს ჯარისკაცი ყველაფერს უყვებოდა საკუთარს ოჯახს. ყოველდღიურად თავსგადახდენილ ისტორიებს იგი წერილებში წერდა", — ამბობს ებერტი, — "ამგვარად მათთან გარკვეულ კავშირს ვგრძნობ".

ლილი ებერტი (შუაში) და მისი დები, რომლებიც ერთად გაგზავნეს აუშვიც-ბირკენაუს საკონცენტრაციო ბანაკში, სადაც მათ მეორე მსოფლიო ომის პერიოდში იძულებით ამუშავებდნენ და სიკვდილის მარშში მონაწილეობას აღებინებდნენ.

ლილი ებერტი (შუაში) და მისი დები, რომლებიც ერთად გაგზავნეს აუშვიც-ბირკენაუს საკონცენტრაციო ბანაკში, სადაც მათ მეორე მსოფლიო ომის პერიოდში იძულებით ამუშავებდნენ და სიკვდილის მარშში მონაწილეობას აღებინებდნენ.

ფოტო: Dov Forman

ებერტი, რომელიც უნგრეთში დაიბადა, ყოველთვის გულახდილად საუბრობდა მის გამოცდილებაზე და უზიარებდა მას არა მხოლოდ ოჯახის წევრებს, არამედ სკოლებს, ბიზნესკომპანიებს და სხვადასხვა თემში მცხოვრებებს.

იგი 14 წლის ასაკში გაგზავნეს აუშვიც-ბირკენაუს საკონცენტრაციო ბანაკში, რომელიც ნაცისტების მოწყობილი უდიდესი სიკვდილის ბანაკი იყო. იგი იქ დედისგან, ძმისგან და დისგან განცალკევებით იმყოფებოდა, სამივე მათგანი კი ბანაკში მოკლეს. ებერტს და მის ორ უმცროს დას — რომელთაგან ერთ-ერთი ჯერ კიდევ ცოცხალია — სამხედრო ნაწილების ქარხანაში იძულებით ამუშავებდნენ ოთხი თვის მანძილზე.

"არაადამიანებად გვაქციეს", — ამბობს ებერტი. მათ აუტანელი სამუშაოს შესრულებას ხანგრძლივი დროის განმავლობაში საკვებისა და ძილის გარეშე აიძულებდნენ.

ებერტს ასევე პასუხისმგებლობა ჰქონდა აღებული მის უმცროს დებზე, რამაც გამძლეობა შემატა. ამავდროულად, მან საკუთარ თავს ფიცი მისცა.

"საკუთარ თავს დავპირდი, რომ, თუ რაღაც სასწაულის წყალობით გადავრჩებოდი, მსოფლიოს მოვუყვებოდი, რაც იქ მოხდა", — ამბობს იგი, — "შემდეგმა თაობებმა უნდა იცოდნენ ეს ისტორია, რათა ამგვარი რამ აღარასოდეს განმეორდეს".

და ებერტმა ნამდვილად შეძლო საკუთარი დაპირების ასრულება.

როგორც ფორმენი ამბობს, ოჯახები კიდევ ერთხელ აპირებენ Zoom-ის ზარით დაკავშირებას და უშუალოდ შეხვედრასაც გეგმავენ, როცა კორონავირუსთან დაკავშირებული მოგზაურობის შეზღუდვები მოიხსნება.

"ვიმედოვნებ, ერთ დღეს პირადადაც შევხვდები მათ. ამის დიდი სურვილი მაქვს", — ამბობს ებერტი.