საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციატივითა და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მსოფლიო ბაზარზე ტოპ აქსელერატორი 500 Startups საქართველოში შემოვიდა. სამმხრივი შეთანხმება 2020 წლის 20 თებერვალს გაფორმდა. ამერიკული აქსელერატორის, 500 Startups-ის აქსელერაციის პროგრამა უკვე დაიწყო. Next.On.ge პროგრამაში მონაწილე სტარტაპების უკან მდგომ ადამიანებს გაესაუბრა. ამ სტატიაში კი სტარტაპ Raccoon.Recovery Light-ს გაგაცნობთ.

Raccoon.Recovery Light წარმოადენს ფიზიოთერაპიის ჩანაწერებისთვის განკუთვნილ აპლიკაციას, რომელიც რეაბილიტაციის დარგის სპეციალისტებს პაციენტების დისტანციურად მომსახურების საშუალებას აძლევს. იგი სარეაბილიტაციო პროცედურების ინტერნეტის მეშვეობით, დისტანციურად ჩატარებას უზრუნველყოფს. დისტანციური აქტივობები მოიცავს ავტომატიზირებულ ტესტებს, საშინაო სავარჯიშოების — სწრაფი და მარტივი სათამაშო პროგრამების შექმნას, სწავლის დისტანციურ მონიტორინგს, ჩაშენებულ მესენჯერსა და ვიდეოზარის ფუნქციას. კომპანია სარეაბილიტაციო ვარჯიშებს უნიკალური გემიფიკაციის მეთოდით უდგება, რაც პაციენტისთვის პროცესს უფრო სახალისოსა და ეფექტურს ხდის.

ფოტო: Raccoon-ის გუნდი

იდეიდან სტარტაპამდე

"მსოფლიოში ფიზიოთერაპიაზე მოთხოვნის მაჩვენებელი მიწოდების მაჩვენებელს მნიშვნელოვნად აჭარბებს. ფიზიოთერაპიას დღეს 275 მილიონი ადამიანი საჭიროებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთ თერაპევტზე 700 პაციენტი მოდის, მაშინ, როცა ერთ თერაპევტს ერთდროულად მაქსიმუმ 300 პაციენტის მკურნალობა შეუძლია. Raccoon.Recovery-ს სენსორები და პროგრამული უზრუნველყოფა ეხმარება სარეაბლიტაციო ცენტრებს, გაზარდონ მომსახურების გაწევის რესურსი და მკურნალობის ეფექტიანობა", — გვიყვება სტარტაპის გენერალური დირექტორი, სვიტლანა მალოვანა.

სვიტლანა გვიხსნის, რა დაემართათ სარეაბლიტაციო ცენტრებს COVID-19-ის გამოჩენის შედეგად: "სარებალიტიკაციო ცენტრები ერთი მეორეს მიყოლებით იხურებოდა, ისინი კარგავდნენ კავშირს პაციენტებთან და, შესაბამისად, შემოსავალსაც. დღეს ფიზიკურ თერაპიაზე წვდომა უფრო სავალალო მდგომარეობაშია — 275 მილიონი პაციენტიდან მომსახურების მიღება მხოლოდ 20 მილიონს შეუძლია".

ამის შედეგად სტარტაპის გუნდი საგანგებოდ შეიკრიბა, რათა სარეაბილიტაციო ცენტრებისთვის ახალ რეალობაზე მორგებული გადაწყვეტა შეეთავაზებინათ. დრო აღარ იცდიდა. ორსაათიანი შეხვედრის შედეგად კომპანიამ საკუთარ ახალ პროდუქტზე, Raccoon.Recovery Light-ზე დაიწყო მუშაობა.

"მარკეტინგის თვალსაზრისით, ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, გამოგვეყო ის ღირებული შეთავაზება, რომელიც ახალ რეალობაში მომხმარებლებისთვის მნიშვნელოვანი იქნებოდა. ეს ძალიან სწრაფად უნდა მომხდარიყო, რათა ახალი პროდუქტი ბაზარზე დროულად გამოგვეშვა", — გვიყვება Raccoon.Recovery-ს ბიზნესის განვითარების დირექტორი, ანა ბეზროდნა.

სრულიად ახალ რეალობაზე მორგებული სარეაბილიტაციო სერვისის შესაქმნელად სტარტაპმა არსებული პროგრამული უზრუნველყოფის კოდი გამოიყენა, რომელიც წინა პროდუქტში, CE Class 1-ში, სამედიცინო დანიშნულების მოწყობილობას წარმოადგენდა.

გამოწვევიდან წარმატებამდე

"ცხადია, დისტანციური თერაპიისთვის რამდენიმე დამატებითი ფუნქცია ჩვენთვის მეტად პრიორიტეტული გახდა. ამის გამო ჩვენ სერვისში დავამატეთ მესენჯერი, ვიდეოზარები და ვიდეოგაკვეთილების სექცია, რომელშიც დეტალურადაა აღწერილი სახლში გასაკეთებელი ვარჯიშების ინსტრუქცია", — აცხადებს პროდუქტების განყოფილების ხელმძღვანელი, ალექსანდრ რადოვიჩენკო.

მეორე პრობლემა, რომელსაც გუნდი გადააწყდა, უკავშირდებოდა სტარტაპის მიერ შექმნილი სპეციალური სენსორების მიწოდებას. აღნიშნული სენსორებით თერაპევტი აკონტროლებდა პაციენტის მოძრაობების სისწორეს და ერთგვარ სათამაშო კონტროლერის ფუნქციასაც კი ასრულებდა. აქვე გაჩნდა ახალი იდეა — სენსორების ნაცვლად სმარტფონის გამოყენება, რომელიც პრაქტიკულად ყველას აქვს. ტექნიკურმა გუნდმა სმარტფონის გიროსკოპიდან და აქსელერომეტრიდან საჭირო მონაცემების მიღება და სპეციალური ალგორითმით დამუშავება უზრუნველყო. შედეგად, მომხმარებელს აღარ დასჭირდება სპეციალური სენსორების შეკვეთა და მათი ლოდინი — საკმარისია, სმარტფონი სხეულის დაზიანებულ ნაწილს მიამაგროთ და შეუდგეთ თერაპიულ მკურნალობას. მართალია, სმარტფონით პაციენტს მხოლოდ ერთი ზონის მკურნალობა შეუძლია, მაგრამ პანდემიისა და შეზღუდვების დროს ეს ნამდვილად შესანიშნავი საშუალებაა.

აღნიშნული გადაწყვეტის გამოყენება შეუძლიათ როგორც კერძო თერაპევტებს, ისე დიდ სარეაბილიტაციო ცენტრებს. სერვისს აქვს პაციენტების მართვის ჩაშენებული სისტემა, ხოლო GDPR-თან თავსებადი ამაზონის სერვერი გერმანიაში რამდენიმე ანგარიშის გამოყენების საშუალებას იძლევა. სერვისის სრულფასოვანი გამოყენებისთვის საკმარისია გვქონდეს პერსონალური კომპიუტერი და ანდროიდზე მომუშავე სმარტფონი. iOS და macOS-ის ვერსიები წლის ბოლომდე გამოვა.

გადაწყვეტა რეაბილიტაციის ყველა საფეხურს მოიცავს:

  • პაციენტის გამოცდა: ვიდეოზარის და მესენჯერის მეშვეობით შესაძლებელია პაციენტის გამოკითხვა და ციფრული ტესტების (ბარტელის ინდექსი, ეშვორტის სკალა და ა.შ.) ჩატარება პაციენტის ზუსტი გამოკვლევისთვის. ინფორმაცია საიმედოდ ინახება პაციენტის ანკეტაში;
  • კურსის შედგენა: თერაპევტს მარტივად შეუძლია კლასიკური ვარჯიშების გამოყენებით პროგრამის შედგენა, რომელიც მოიცავს ვარჯიშების დეტალურ აღწერასა და ვიდეოინსტრუქციას. თერაპევტს თითოეულ პაციენტზე ინდივიდუალურად მორგებული პროგრამის შედგენის საშუალება აქვს;
  • პაციენტების სამოტივაციო ტრენინგი: პაციენტებს შეუძლიათ შეასრულონ ვარჯიშები ვიდეოინსტრუქციის მიხედვით ან ითამაშონ ჩაშენებული თამაშები, რომლებიც კონკრეტულ სარეაბილიტაციო მოძრაობებს ითვალისწინებს;
  • პროცესების დისტანციური მონიტორინგი: მომხმარებლებს არ სჭირდებათ დამატებითი მოწყობილობების გამოყენება — პირადი სმარტფონი მიმაგრებულია სხეულის დაზიანებულ მონაკვეთზე და ასეთი სახით სენსორის ფუნქციას ასრულებს. სენსორი საჭირო მონაცემებს რეალურ დროში უგზავნის თერაპევტს;
  • კომუნიკაცია: დაცული ონლაინ ვიდეოკონსულტაცია და მიმოწერა თერაპევტს პაციენტთან მუდმივ კავშირზე ყოფნის საშუალებას აძლევს.

სერვისის გამოყენება მათაც შეუძლიათ, ვისაც არ ჰყავს პირადი თერაპევტი, თუმცა ამ შემთხვევაში Raccoon-ის ფუნქციონალი შეზღუდულია და მასში ხელმისაწვდომია მხოლოდ ის აქტივობები, რომლებიც არ საჭიროებენ თერაპევტის მეთვალყურეობას. კომპანია ახლო მომავალში შესაფერის თერაპევტთან პაციენტის დაკავშირების ფუნქციასაც დაამატებს, რაც მომხმარებლების ნაკადის რეგულირებას უზრუნველყოფს.

Raccoon.Recovery Light ოფიციალურად 27 აპრილს, იდეის გაჩენიდან ზუსტად 6.5 კვირაში გამოჩნდა. სერვისს ევროპასა და აზიაში უკვე 50-ზე მეტი სარეაბილიტაციო ცენტრი იყენებს, ხოლო თითოეულ კლინიკაზე დაწესებული გადასახადი 34 ევროს შეადეგნს.

"სერვისის დაბალი ღირებულება არსებული ბაზრისთვის შესაბამისია. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ მივუახლოვდეთ ჩვენს მთავარ მიზანს — გავხადოთ სარეაბილიტაციო პროცესი ყველასთვის ხელმისაწვდომი, ეფექტიანი და დროული", — აცხადებს კომპანიის გენერალური დირექტორი.

Raccoon.World-მა უკვე მიიღო ინვესტიცია 150 ათასი ევროს სახით, ხოლო ბიზნესის პრიორიტეტულ ბაზრებზე სწრაფი მასშტაბირებისთვის სტარტაპი ამჟამად 600 ათასი ევროს მოსაპოვებლად იბრძვის.

500 Stratups პროგრამა — გზა ახალი გამოცდილებისკენ

ამჟამად სტარტაპი აქსელერაციას ამერიკულ 500 Startups აქსელერატორში გადის. სტარტაპისთვის, რომელმაც დროის მოკლე პერიოდში ბაზრის მნიშვნელოვანი წილის ათვისების კუთხით უკვე შეძლო დიდი ნაბიჯების გადადგმა, აქსელერაციის პროგრამა უნიკალურ შესაძლებლობას წარმოადგენს. ამ პროგრამის ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულების ნაწილს სწორედ ცოდნის და გამოცდილების გაზიარებაში მდგომარეობს ისეთი საერთაშორისო ტოპ აქსელერატორისგან, როგორიც 500 Startups გახლავთ.