მართალია, წელს მეგობრების ნახვა ცოტათი ჭირს, მაგრამ დევიდ შვიმერს თქვენთვის სასიხარულო ამბავი აქვს: მეგობრების დაბრუნების გადაღებები, სავარაუდოდ, შემდეგ თვეში დაიწყება.

ჯიმი ფელონთან ინტერვიუში შვიმერმა, რომელიც საკულტო სიტკომში როს გელერის როლს ასრულებს, თქვა, რომ სპეციალური ეპიზოდის გადაღება კორონავირუსის პანდემიის უსაფრთხოების ზომებზე იქნება დამოკიდებული.

"წესით, აგვისტოში, აგვისტოს შუა რიცხვებში, უნდა მოხდეს, თუმცა, სიმართლე გითხრათ, კიდევ ერთი ან ორი კვირა უნდა მოვიცადოთ, რომ გადავწყვიტოთ, რამდენად უსაფრთხო იქნება ეს", — თქვა შვიმერმა ფელონის The Tonight Show-ში ორშაბათს, 20 ივლისს.

"თუ არ იქნება უსაფრთხო, მოვიცდით", — დაამატა მსახიობმა.

სპეციალური ეპიზოდი, რომელზეც დიდი ხნის განმავლობაში მიდიოდა ჭორები და რომელსაც ფანები მოუთმენლად ელოდნენ, HBO Max-მა თებერვალში ოფიციალურად დაადასტურა.

კორონავირუსის პანდემიის გამო ეპიზოდის გადაღება გადადებული იყო, თუმცა, შვიმერის თქმით, შოუს ეკრანებზე დაბრუნების გეგმა ჯერ ისევ ძალაშია.

მსახიობმა ასევე თქვა, რომ შოუ "უსცენარო" იქნება და ის მოიცავს ინტერვიუსა და რამდენიმე "სიურპრიზს" — მართალია, ჯერ უცნობია, რაზეა საუბარი, თუმცა ფანებს დიდი ხნით აღარ მოუწევთ მოცდა.

შვიმერმა ფელონთან ინტერვიუში ისიც განაცხადა, რომ მან კინაღამ უარი თქვა გელერის როლზე მანამდე არსებული ცუდი გამოცდილების გამო. წინა შოუ 12 ეპიზოდის შემდეგ გაუქმდა, თუმცა ამ დროის განმავლობაში მსახიობი თავს "ნივთად" გრძნობდა და მას გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ სხვა სიტკომში აღარ მიიღებდა მონაწილეობას.

"შოუ რომ გაუქმდა, მადლობა ღმერთს, ვთქვი: 'სხვა სიტკომში აღარასდროს მივიღებ მონაწილეობას'", — თქვა მსახიობმა.

შვიმერმა ფელონს უთხრა, რომ Friends-ის როლზე პირველად როცა დაურეკეს, მან უარი თქვა, თუმცა როდესაც გაიგო, რომ შემქმნელებმა მართა კაუფმანმა და დევიდ კრეინმა გელერის პერსონაჟი მისთვის დაწერეს, ის როლს დათანხმდა.

ფოტო: NBC

მსახიობმა აგრეთვე ისაუბრა ცნობილ სცენაზე, რომელიც დღემდე მაყურებელთა დიდი დავის საგანია: იყვნენ თუ არა როსი და რეიჩელი (ჯენიფერ ენისტონი) დაშორებულები და უღალატა თუ არა როსმა. შვიმერი ამ თემაზე საუბრისას როლისადმი ერთგული დარჩა.

"ხალხის აზრი ორადაა გაყოფილი იმ საკითხზე, ვიყავით თუ არა [როსი და რეიჩელი] დაშორებულები. აქ სადავოც კი არაფერია. რა თქმა უნდა, ვიყავით", — ამბობს მსახიობი.

ფოტო: NBC

მსგავს თემაზე: