რამდენიმესაათიანი გათიშვის შემდეგ, ვიდეოპორტალი Vimeo.com ქართველი მომხმარებლებისთვის კვლავ ხელმისაწვდომია. ვებსაიტზე წვდომა დღეს, 13 ივნისიდან, შეზღუდული ჰქონდა როგორც სილქნეტის, ისე კავკასუს ონლაინის აბონენტებს.

On.ge შეეცადა ორივე კომპანიისგან მიეღო პასუხი საიტზე წვდომის შეზღუდვასთან დაკავშირებით. კავკასუს ონლაინისგან პასუხი ვერ მივიღეთ, სილქნეტმა კი, შეზღუდვის მიზეზად "ტექნიკური ხარვეზი" დაასახელა, დამატებითი ინფორმაციის მოწოდებისგან კი თავი შეიკავეს.

ვიდოეპორტალის დაბლოკვას წინ უძღოდა აღნიშნულ პორტალზე 4 კვირის წინ ატვირთული პირადი ცხოვრების ამსახველი ძველი კადრების გაზიარება ფეისბუკის საშუალებით.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრესსამსახურმა On.ge-ს კითხვაზე, უკავშირდებოდა თუ არა ვიმეოს გათიშვა აღნიშნული საიტის მეშვეობით გუშინ გავრცელებულ პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს, უპასუხა, რომ აღნიშნულზე გამოძიებას პროკურატურა აწარმოებს.

მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ნათია სუხიაშვილმა გვითხრა, რომ ის ვიმეოს გათიშვის მიზეზზე ინფორმაციას არ ფლობს და ამ კითხვით ხელახლა სუს-თან გადაგვამისამართა.

On.ge დაუკავშირდა თავად ვიდეპორტალს. Vimeo.com-ის კომუნიკაციების ვიცე-პრეზიდენტმა ჯესიკა კასანო-ანტონელისმა On.ge-ს წერილობით დაუდასტურა, რომ მათ საქართველოს მთავარი პროკურატურისგან მიიღეს ოფიციალური მიმართვა ვიდეოპორტალზე განთავსებული კონკრეტული ვიდეოების ქსელიდან ამოღების შესახებ:

"მოთხოვნის მიღების შემდეგ, ვიმეოს შესაბამისმა ჯგუფმა შეამოწმა აღნიშნული მასალა და დაადგინა, რომ ისინი არღვევდნენ საიტის მოხმარების წესებს და აღნიშნული ვიდეოები, ისევე, როგორც ამ ვიდეოების ამტვირთავი მომხმარებელი, საიტიდან წაიშალა. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ საქართველოს მთავარ პროკურატურასთან და ვიმედოვნებთ, რომ ვებგვერდზე წვდომა დროულად აღდგება".

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ქართულმა ინტერნეტ პროვაიდერებმა ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, კონკრეტულ მასალაზე წვდომის შეზღუდვის საბაბით, მთლიანად დაბლოკეს სერვისი. თვეების წინ, როცა პირველად გავრცელდა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები, ვიმეოს მსგავსად, რამდენიმე საათით დაბლოკილი იყო იუთუბი. გარდა ამისა, ტერორისტული შინაარსის ვებსაიტის გამო, ასევე მთლიანად შეზღუდული იყო წვდომა ვორდპრესის სერვისზე.