გიორგი შაქარაშვილის საქმეში ბრალდებულის, თენგიზ ბარბაქაძის ადვოკატის, გიორგი ფოფხაძის განცხადებით, მტკიცებულებების განადგურების არგუმენტი რელევანტური აღარაა და მისი დაცვის ქვეშ მყოფს აღკვეთის ღონისძიება გირაოთი უნდა შეეცვალოს. დღეს, 27 ივლისს მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 11 სრულწლოვანის სასამართლო სხდომა გაიმართება, სადაც აღკვეთის ღონისძიების სახის შეცვლაზე იმსჯელებენ.

ადვოკატის თქმით, მოლოდინი არ აქვთ რომ შუამდგომლობას დაუკმაყოფილებენ, მაგრამ 5 000-ლარიან გირაოზე დააყენებენ შუამდგომლობას.

"არგუმენტები არის იგივე რაც პირველ სხდომაზე იყო, მაგრამ ვფიქრობ რომ საზოგადოებრივი წნეხისა და სხვადასხვა გარემოების გამო სასამართლო არ იყო მოწოდების სიმაღლეზე. არგუმენტები რაც პირველს სხდომაზე იგივე იქნება, ერთადერთი რაც არის საქმის გარემოებები გასქელდა. იყო მაშინ 7 თუ ათი ტომი და ახლა არის 22", — განაცხადა მან ჟურნალისტებთან.

საქმის პროკურორის, დავით ყაზარაშშვილის განცხადებით, მოითხოვენ, რომ თერთმეტივე ბრალდებული პატიმრობაში დატოვონ. მისი განმარტებით, არსებობს მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე არსებობს, რადგან არცერთი თანამშრომლობს გამოძიებასთან.

"მათ მიერ წინასწარ მიცემული ინფორმაცია არ შეესაბამება საქმეში არსებულ მასალებს. უამრავი გარემოებაა, რომელიც საფუძველი გახდა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების ეტაპზე და დღესაც მიგვაჩნია, რომ ეს საფუძველი არსებობს", — განაცხადა მან.

მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 11 სრულწლოვნის სხდომა მიმდინარეობს. ესენი არიან: ვასილ მახარაძე, ვასილ ჩიქოვანი, არჩილ გაგნიძე, ნიკოლოზ რევაზიშვილი, გიგა ტატიაშვილი, თენგიზ ბარბაქაძე, ირაკლი მუმლაძე, ნიკა ჟვანია, ირაკლი წაქაძე, საბა ჩხარტიშვილი, საბა გოგშელიძე. მათ გამოძიება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავება.

გიორგი შაქარაშვილის საქმე

19 წლის ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვილი 19 ივნისს დაიკარგა. დადგინდა, რომ ის მცხეთაში, დაბადების დღეზე იმყოფებოდა, სადაც ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება მოხდა. ამის შემდეგ ერთმა ჯგუფმა თბილისიდან "დახმარება გამოიძახა". შაქარაშვილი და კიდევ 5 ადამიანი აგარაკიდან მათ მოსვლამდე წამოვიდა. პროკურატურის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ უკვე არაგვის ხიდთან მყოფ ახალგაზრდებს მანქანიდან გადმოსული ადამიანები თავს დაესხნენ, რის შემდეგაც შაქარაშვილი და მასთან ერთად მყოფი პირები გაიქცნენ. ფეხბურთელის კვალი აქედან იკარგება, მასთან ერთად მყოფი 5 ადამიანი კი თბილისში ცალ-ცალკე, სხვადასხვა დროს დაბრუნდა.

4-დღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივნისს, გიორგი შაქარაშვილი ცხედარი მდინარე არაგვში იპოვეს. რამდენიმე დღეში საქმეზე 17 ადამიანი დააკავეს, ყველა მათგან წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. თავდაპირველად, მათ ბრალი ორი ან მეტი პირის მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ამავე ძალადობაში მონაწილეობის და ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე აქვთ წარდგენილი. როგორც ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ უწყებაში განაცხადეს, საქმეს კვალიფიკაცია დაემატა და ამ საქმეზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლით გაგრძელდება.

სწორედ ექსპერტიზის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზი, გახდა ასფიქსია წყალში დახრჩობით. ამავე დასკვნის მიხედვით, გარდაცვალებამდე მას მკვრივი-ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებები აქვს.