გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მამის, ჯუმბერ ბაჩალიაშვილის განცხადებით, პოლიციელი, რომელმაც შვილის კომპიუტერის გახსნის შემდგომ უთხრა, რომ "თამარი შარში იყო", ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ლადო ბაჭულაშვილია.

"ერთმა მითხრა, გაიხსნა კომპიუტერი და შენი შვილი დიდი პრობლემის წინაშეა, დიდ შარშიაო. მე მჭირდება ის პიროვნება. რატომ მითხრა კომპიუტერი გავხსენიო, მაგაზე ვმუშაობო ახლაო, შენი გოგო დიდი პრობლემის წინაშეაო. ლადო ბაჭულაშვილია, აგერ მუშაობს მოადგილედ", — განაცხადა ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა.

ბაჩალიაშვილების ოჯახისა ადვოკატის თქმით, ჯუმბერ ბაჩალიაშვილი ითხოვს, რომ საქმეზე გამოძიება ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციამ აღარ აწარმოოს და შინაგან საქმეთა სამინისტრომ ან სხვა უწყებებმა გამოიძიონ.

"შევხვდით განყოფილების უფროსს და გამომძიებელს. ბატონმა ჯუმბერმა თავისი პოზიცია უთხრა. ბოლო ჩვენება ბლოკნოტთან დაკავშირებით მივეცით. ეს იყო ჩვენი საბოლოო პოზიცია, მაინც მათ წესიერებას აღარ შევეხეთ. ჩვენ, ბატონმა ჯუმბერმა, პროტესტის ნიშნად უარი თქვა რომ საერთოდ გამოძიება აწარმოოს სამხარეომ, საქმე გადაეცეს, წაიღოს სამინისტრომ ან ნებისმიერმა სხვა ორგანომ, რომელიც უფრო კომპეტენტური სამართლიანი იქნება", — ეს განცხადება ადვოკატმა ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციის დატოვების შემდგომ გააკეთა.

თამარ ბაჩალიაშვილის საქმე

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს დაიკარგა. ოჯახის წევრების განცხადებით, ის საკუთარი მანქანით ქვემო ფონიჭალიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა. მათი თქმით, დაკარგულის ავტომობილი ჯერ მარნეულში, ბოლოს კი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშში დააფიქსირეს. საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით მიმდინარეობდა. 24 ივლისს საქმეს კიდევ ერთი კვალიფიკაცია თვითმკვლეოობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

დაკარგვიდან 5 დღის შემდეგ, ბაჩალიაშვილი საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. მანქანა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, მაგისტრალიდან 100-200-მდე მეტრის დაშორებით, ბუჩქნარში იყო გაჩერებული. ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის თქმით, ცხედარი უკანა სავარძელზე იყო და ქალი რამდენიმე დღის გარდაცვლილია.

ოჯახი გამოძიებას უნდობლობას უცხადებს და საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტი ჩაერთო. მათთვის გაურკვეველია, როგორ ვერ იპოვეს მანქანა 4 დღის განმავლობაში, თუკი სამძებრო სამუშაოებში ჩართული იყო დრონი. ადვოკატს, ასევე, აქვს კითხვა, რატომ იპოვა მანქანა მწყემსმა და ვერ მოახერხა ეს პოლიციამ.

ადვოკატის ინფორმაციით, გარდაცვლილის მანქანაში იპოვეს მისი ტელეფონი, რომელიც გამორთული იყო და ამოღებულია სხვადასხვა მედიკამენტიც. რამიშვილს არ აქვს ინფორმაცია, კონკრეტულად რა პრეპარატებია, თუმცა აცხადებს, რომ ფსიქოტროპული არ არის.

სოციალურ ქსელებში და მედიაში გაჩნდა კითხვები ბაჩალიაშვილის სამსახურთან დაკავშირებით. ბაჩალიაშვილს LinkedIn-ის თანახმად, დეველოპერად ორ კომპანიაში, ზეგ-სა და ავსტრიულ Spryflash-ში მუშაობდა. კომპანია ზეგში დღეს შსს შევიდა. დირექტორი ამტკიცებს, რომ ბაჩალიაშვილის გარდაცვალება ზეგ-ში საქმიანობას არ უკავშირდება.

ამავე თემაზე: