არასათანადო მოპყრობის შესახებ მედიაში გავრცელებული რამდენიმე ბრალდების შემდეგ მსოფლიოში ცნობილი ამერიკული სატელევიზიო შოუს სამუშაო გარემოს შეისწავლიან.

ელენ დეჯენერესის შოუში ამ ერთგვარ შიდა გამოძიებას WarnerMedia ჩაატარებს, რათა თანამშრომლების მიმართ შესაძლო გადაცდომების ფაქტები გამოავლინოს.

The New York Times-ის ცნობით, გადაცემის დისტრიბუტორი კომპანია Warner Bros-ის წარმომადგენლებმა შოუს თანამშრომლებს ოფიციალური წერილი გამოუგზავნეს, სადაც გამოძიების შესახებ გააფრთხილეს. ამის შესახებ უცხოურ მედიაში ინფორმაცია სწორედ შოუს რამდენიმე თანამშრომელმა გაავრცელა.

როგორც თანამშრომლებმა გაიგეს, WarnerMedia-ს წარმომადგენელთან ერთად კიდევ სხვა მოწვეული ექსპერტი ელენ დეჯენერესის შოუს ამჟამინდელ და ყოფილ თანამშრომლებს გაესაუბრება, რათა მათი პირადი გამოცდილების შესახებ დეტალურად გაიგონ.

ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც გადაცემის სამუშაო გარემო "მტრულად" მოიხსენიეს და შოუს შემქმნელები დისკრიმინაციაში დაადანაშაულეს.

ელენ დეჯენერესი თავის გადაცემაში ცოლთან, პორშა დე როსისთან ერთად.

ფოტო: NBC

აპრილში Variety-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ შოუს ხელმძღვანელები დანარჩენ თანამშრომლებს სტრესულ გარემოს უქმნიდნენ: მათ ისიც კი არ იცოდნენ, აიღებდნენ თუ არა ხელფასს პანდემიის გამო.

რამდენიმე კვირის წინ კი BuzzFeed News-მა გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც ყოფილმა თანამშრომლებმა გადაცემა რასიზმსა და "ტოქსიკური გარემოს შექმნაში" დაადანაშაულეს. შავკანიანი თანამშრომლები აღნიშნავდნენ, რომ მათ ხშირად უწევდათ რასისტული კომენტარების ატანა: მაგალითად, ერთ-ერთმა ყოფილმა თანამშრომელმა განაცხადა, რომ შოუს სცენარისტს მისი სახელი იმიტომ არ ახსოვდა, რომ "მხოლოდ თეთრკანიანი თანამშრომლების სახელები ამახსოვრდებოდა".

ელენ დეჯენერესის შოუ ეკრანებზე 2003 წლიდან გადის და ის დღემდე ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ სატელევიზიო შოუდ ითვლება, რომელსაც მრავალი ემის ჯილდო აქვს მოპოვებული. ამჟამად შოუს ზაფხულის შესვენება აქვს და ჯერჯერობით უცნობია, პანდემიის გამო რა ფორმატში დაბრუნება სექტემბრიდან.