სამხრეთდასავლეთ ბერლინის უბან ცელენდორფში ქურდი გამოჩნდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ადამიანების საცხოვრებელი სახლებიდან 100-ზე მეტი ფეხსაცმელი გაუჩინარდა. ეჭვმიტანილი კი, არც მეტი, არც ნაკლები, მელაა.

სანამ ადგილობრივი მცხოვრები, კრისტიან მეიერი, დამნაშავის ვინაობას შეიტყობდა, რაიონში მდებარე სახლებიდან ყველანაირი ფეხსაცმელი უკვალოდ ქრებოდა: ჩუსტები, სანდლები, კედები...

როგორც ბერლინის გაზეთი, Der Tagesspiegel, იტყობინება, მეიერმა თავდაპირველად შეამჩნია, რომ თავისი სავარჯიშო ფეხსაცმელი გაუჩინარებულიყო, რის შემდეგაც გერმანულ საზოგადოებრივ ფორუმზე, Nebenan.de-ზე, შეკითხვა დასვა.

როგორც აღმოჩნდა, იგი ერთადერთი არ ყოფილა, ვისი ფეხსაცმელებიც უბანში გაუჩინარებულიყო.

საქმე გახსნილია

მოგვიანებით მეიერმა დამნაშავეს რაიონის ნაგავსაყრელზე წაასწრო და მოახერხა, ფოტო გადაეღო კუდაგრძელისთვის, რომელიც პირით "ლურჯ ფლოსტებს" მიარბენინებდა.

მეიერმა მელას მოპარული ნაირფერადი ფეხსაცმელების სამალავსაც მიაგნო, თუმცა თავისი სავარჯიშო კედები კვლავაც არ უპოვია. სამაგიეროდ, სამი ფეხსაცმლის წყვილი კანონიერ მფლობელებს დაუბრუნდა.