მე-19 საუკუნეში, პირველი ინდუსტრიული რევოლუციის დროს, ინგლისში ლუდიტები – "მანქანათა დამანგრევლები" გამოჩნდნენ. ისინი მექანიზაციისა და ავტომატიზაციის წინააღმდეგები იყვნენ და ფიქრობდნენ, რომ ფაბრიკა-ქარხნებში მანქანური შრომის დანერგვა ადამიანებს სამსახურს დააკარგინებდა. თუმცა, ასე არ მოხდა. სწორედ ამ რევოლუციის შედეგად უამრავი ახალი საქმიანობა გაჩნდა, ხოლო პროდუქტი, რომელსაც მანამდე ხელით ქმნიდნენ, იაფი და ფართოდ ხელმისაწვდომი გახდა.

ამჟამად კიდევ ერთი ინდუსტრიული ტალღის წინაშე ვართ და შიშები ისევ ჩნდება — შიშები "ზედმეტი" ავტომატიზაციისა და რობოტების მიერ ადამიანების ჩანაცვლების შესახებ. თუმცა, დროის სვლამ ბევრჯერ დაგვარწმუნა, რომ პროგრესისადმი გადადგმული ყოველი ახალი ნაბიჯი, ყოველი გამოგონება ადამიანების შრომას ამარტივებს, აძლევს შემოქმედებითად, ინოვაციურად ფიქრის საშუალებას და ათავისუფლებს სივრცეს ახალი შესაძლებლობებისთვის. ასე ჩნდება მომავლის პროფესიები, რომელთა შესახებ სულ რამდენიმე წლის წინაც კი არავის გაეგონა.

კადრი საქართველოს ბანკის ვიდეოდან

კადრი საქართველოს ბანკის ვიდეოდან

მასშტაბურ ინდუსტრიულ ცვლილებებს უკანასკნელ პერიოდში მოულოდნელად თავსდატეხილი პანდემია დაემატა. ვირუსმა ჩვენი ყოველდღიურობა რადიკალურად შეცვალა. რამდენიმეთვიანმა იზოლაციამ ბევრი ადამიანი ფინანსური და პროფესიული ბარიერების წინაშე დააყენა, ბევრს კი, თავის საქმიანობაზე შემცირებული მოთხოვნის გამო, სრულიად ახალი საქმის წამოწყება მოუწია.

პანდემიამ ისიც დაგვანახა, რომ ტექნოლოგიებსა და კომუნიკაციის ციფრულ საშუალებებს დიდი ძალა აქვს როგორც კავშირების შესანარჩუნებლად, ისე სერვისებისა თუ პროდუქტის მიწოდებისთვის. სწორედ ამ პერიოდში ბიზნესმა გაციფრულება და მომხმარებლის შეცვლილ ქცევაზეც შესაბამისი რეაგირება დაიწყო. ამგვარად, წინ წამოიწია ისეთმა პროფესიებმა, რომელიც მეტ ინოვაციურობას, პრობლემების გადაჭრას, დამოუკიდებლად მუშაობას და გადაწყვეტილებების მიღებას მოიაზრებს. ბოლო დროს მონაცემთა ანალიტიკოსების, Software არქიტექტორების, პროგრამისტების, ციფრული კომუნიკაციის თუ ხელოვნური ინტელექტის სპეციალისტებისადმი თანდათანობით მოთხოვნა იზრდება და მომავლის პროფესიებზე საუბრისას სწორედ ტექნოლოგიებთან და კომუნიკაციებთან დაკავშირებული საქმიანობებს გულისხმობენ.

შეცვლილი რეალობისა და დიდი გამოწვევების საპასუხოდ საქართველოს ბანკმა გადაწყვიტა, კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა შექმნას და წამყვან საკონსულტაციო და რეკრუტინგულ კომპანია ინსორსთან თანამშრომლობით ახალი პროექტი წამოიწყო. ახალი პროექტით ბანკი შრომის ბაზარზე პანდემიის მიერ გამოწვეული ცვლილების შესახებ ცნობადობის ამაღლებაზე მუშაობს და იმ ადამიანებს, რომლებმაც ახალი პროფესიის ათვისებაზე დაიწყეს ფიქრი, მხარდაჭერას უცხადებს.

გვინდა, ყველა იმ ადამიანს ვუთხრათ, რომლის საქმიანობამაც დაკარგა აქტუალობა, რომ მათ აქვთ შესაძლებლობა, განვითარდნენ ახალი მიმართულებით, რომ ასეთ დროს მნიშვნელოვანია, არ გაჩერდნენ და გააგრძელონ წინსვლა

თამარ გოჩაშვილი, საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელი

პროექტი ორიენტირებულია იმაზე, რომ უფრო მეტმა ადამიანმა გაიგოს, თუ რა გამოწვევების წინაშეა დასაქმების ბაზარი, მისცეს მათ თვითრწმენა, დაეხმაროს უნარების განვითარებაში და მომავლის პროფესიების შემოსავლის წყაროდ ქცევაშიც კი შეუწყოს ხელი. პროექტის ფარგლებში ბაზარზე არსებული ტენდენციების შესახებ ბლოგები და შეხვედრები მომზადდება. დაინტერესებულ პირებს კი საშუალება ექნებათ, მომავლის პროფესიებისა თუ შრომის ბაზრის არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციაზე წვდომა ჰქონდეთ.

"ახალი რეალობიდან გამომდინარე შეიცვალა მომხმარებლის ქცევა, დასაქმებისა და შრომითი ურთიერთობების პრაქტიკა, შესაბამისად შრომის ბაზარიც. კონკრეტულ პროფესიებზე შემცირებული მოთხოვნის კვალდაკვალ გაჩნდა ახალი პროფესიების საჭიროება, ისეთის, როგორიცაა IT და ციფრული ტექნოლოგიები, საცალო და მომსახურების სერვისები. გამოწვევაზე ლოგიკური პასუხი არის ახალი უნარ-ჩვევების შეძენა. გვინდა, ყველა იმ ადამიანს ვუთხრათ, რომლის საქმიანობამაც დაკარგა აქტუალობა, რომ მათ აქვთ შესაძლებლობა, განვითარდნენ ახალი მიმართულებით, რომ ასეთ დროს მნიშვნელოვანია, არ გაჩერდნენ და გააგრძელონ წინსვლა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ახალი პროექტიც, რომელიც ადამიანებს ეხმარება ახალი პროფესიების მოძიება/ათვისებაში, როგორიცაა გრაფიკული დიზაინი, ფოტოგრაფია, კონტენტ მენეჯმენტი ან თუნდაც ვებ დეველოპმენტი. ამიტომ ჩემი რჩევაა, არავითარ შემთხვევაში არ გაჩერდეთ და განავითარეთ საკუთარი თავი", — ამბობს საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელი, თამარ გოჩაშვილი.

ამგვარად, ცვალებად პერიოდში მომხმარებელთა ქცევასთან ერთად ინდუსტრიებიც განიცდიან ტრანსფორმაციას. თუკი ტექნოლოგიების განვითარების კვალდაკვალ პროფესიების ნაწილი ქრება, სანაცვლოდ უფრო შემოქმედებითი და ინოვაციური საქმიანობები იჩენს თავს — სწორედ ისე, როგორც კომპიუტერულ თამაშებშია, დასაქმების ბაზარზეც ყოველი ინოვაციის დანერგვისა და დიდი მიღწევის შემდეგ წინ ახალი გამოწვევები იხსნება, რომელიც ადამიანებისთვის უსაზღვრო შესაძლებლობებითაა სავსე. საქართველოს ბანკი კი, ახალი პროექტით, გამოწვევებით სავსე რეალობაში, მეტი შესაძლებლობის აღმოჩენასა და მომავლის უნარების ათვისებაში დაგეხმარებათ.