პოლიტიკურ გაერთიანება ლელოს დეპუტატი ლევან კობერიძე შეუერთდა, რომელმაც ანა დოლიძესთან და ალეკო ელისაშვილთან ერთად 1 თვის წინ ახალი პოლიტიკური პლატფორმა შექმნა, მანამდე კი ქართულ ოცნებას წარმოადგენდა. ლევან კობერიძე გუნდის ახალ წევრად მამუკა ხაზარაძემ წარადგინა.

"ლელოს უერთდებიან გამორჩეული წევრები, რომლებიც მთელი ამ წლების განმავლობაში თავისი ცხოვრების წესით ამტკიცებენ, რომ არიან უკომპრომისოები და არიან სიმართლისთვის მებრძოლი ადამიანები. სწორედ ასეთი ადამიანია ლევან კობერიძე, რომელიც დღეს შემოუერთდა ლელოს, გახდა მისი წევრი და ის იქნება ჩვენი გუნდის ერთ-ერთ ლიდერი", — განცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ლევან კობერიძის განცხადებით, ლელო გუნდური მუშაობის პრინციპზეა აგებული, მისი მიზანი კი ყველასთვის შესაძლებლობებზე წვდომის გამარტივებაა. მან ისაუბრა ახალი, ალტერნატიული და ძლიერი პოლიტიკური ცენტრის აუცილებლობის შესახებ და აღნიშნა, რომ ეს ცენტრი ლელოში უნდა იყოს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ, პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ და სამოქალაქო მოძრაობის ლიდერებმა ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა ერთობლივი პოლიტიკური პლატფორმა 18 ივნისს შექმნეს.