გირჩის ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, აპირებს ქართული ოცნების კანდიდატი, გია ვოლსკი დაამარცხოს და მისი აზრით, ამაში ოპოზიციის მხარდაჭერა მნიშვნელოვნად დაეხმარება. ამის შესახებ მან მას შემდეგ ისაუბრა, რაც დადასტურდა, რომ ოპოზიცია დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარულ ოლქში მხარს მას დაუჭერს.

"ვაპირებ, გია ვოლსკი დავამარცხო. გია ვოლსკი არის ქართული ოცნების ერთ-ერთი გამორჩეული სახე, ვიცე-სპიკერია, მანამდე ფრაქციის თავმჯდომარე იყო, არის ერთ-ერთი მთავარი კომენტატორი მიმდინარე მოვლენებზე ოცნების მხრიდან და ვაპირებ რომ დავამარცხო. ცხადია, ეს მხარდაჭერა, რომელიც გამომიცხადეს მნიშვნელოვნად წამადგება ამ ბრძოლაში", — განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ოპოზიციის საერთო კანდიდატი დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარულ ოლქში გირჩის ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე იქნება, საბურთალოს მაჟორიტარულ ოლქში კი ირაკლი ოქრუაშვილი. ამის შესახებ განცხადება ლეიბორისტული პარტიის ოფისში შალვა ნათელაშვილმა დღეს გამართული მოლაპარაკების შემდგომ გააკეთა.