საბურთალოს მაჟორიტარულ ოლქში ოპოზიციის საერთო კანდიდატის, ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, მისი წარდგენა ოპოზიციის შეთავაზება იყო.

"ეს არ იყო ჩემი გადაწყვეტილება, ეს იყო შემოთავაზება ოპოზიციის ლიდერების მხრიდან. ეს იყო ერთგვარი წინა ხაზზე გაშვება ამ გაერთიანების მხრიდან და მე ამას დიდი სიამოვნებით დავთანხმდი. ვიდრე არსებობდა გარკვეული სახის პრობლემა, რომ ჩემი კანდიდატურა შეიძლება ხელისშემშლელი აღმოჩენილიყო საერთო ოპოზიციური შეთანხმებისთვის, მე პროცესს გავერიდე. ბუნებრივია, როდესაც მივიღე შეთავაზება, მხოლოდ მაშინ დავთანხმდი", — აცხადებს ოქრუაშვილი.

ოქრუაშვილის თქმით, მისი მთავარი კონკურენტი ამ არჩევნებში ბიძინა ივანიშვილია.

"მთავარი კონკურენტი, არა მარტო ჩემი, არამედ ყველა ოპოზიციური კანდიდატის, არის ერთადერთი — ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ასოცირდება გაზრდილ კრიმინალთან, გაზრდილ კორუფციასთან, ქვეყნის დაცლასთან, ინფლაციასთან, უპერსპექტივობასთან და ა.შ", — განაცხადა ოქრუაშვილმა.

ოქრუაშვილმა თქვა ისიც, რომ იყო სხვადასხვა შემოთავაზება, თუმცა მან მიიღო გადაწყვეტილება, ყველაზე რთულ ადგილას წასულიყო.