ბელარუსში საავადმყოფოში გარდაიცვალა კაცი, რომელსაც აქციის მსვლელობისას ძალოვნებმა თავში ესროლეს. ინფორმაციას ამის შესახებ დამოუკიდებელი ბელარუსული მედია და ადგილობრივი აქტივისტები ავრცელებენ.

მათი ინფორმაციით, გარდაცვლილი გენადი შუტოვი 44 წლის იყო და მას თავში 11 აგვისტოს მსვლელობისას ესროლეს. ოჯახის წევრები თვითმხილველებზე დაყრდნობით ამბობენ, რომ გენადი არ იყო ჩართული სპეცრაზმელებთან კონფლიქტში და მშვიდად მიდიოდა. მათი ვარაუდით, გარდაცვლილს სახურავიდან ესროლეს.

"დიქტატორო წადი" — რა ხდება ბელარუსში

ბელარუსში მასობრივი საპროტესტო აქციები 9 აგვისტოდან მიმდინარეობს, რისი მიზეზიც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გახდა. არჩევნებზე მთავარი კონკურენტები სვეტლანა ტიხანოვსკაია და მოქმედი პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო იყვნენ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანახმად, ლუკაშენკომ ხმების 80% აიღო, ტიხანოვსკაიამ — 10%.

შედეგებს მოსახლეობის დიდი ნაწილი და ოპოზიცია არ აღიარებს და ლუკაშენკოს გაყალბებაში ადანაშაულებს. არჩევნების შედეგები არ აღიარა აშშ-მ, ირლანდიამ, კანადამ და ევროკავშირმა. ამავდროულად, ევროკავშირმა ლუკაშენკოს რეჟიმს სანქციები დაუწესა.

პრეზიდენტის არჩევასთან დაკავშირებული პროცედურის გამო გადადგა ბელარუსის მთავრობა, სამოქალაქო საზოგადოება კი "დიქტატორის" გადადგომას ითხოვს, თუმცა ლუკაშენკო მოქალაქეებს სპეცრაზმითა და ჯარის ძალით პასუხობს.

აქციებზე ცრემლსადენი გაზით, ხელკეტებით, წყლის ჭავლითა და რეზინის ტყვიებით დაშავდა ათასობით ადამიანი, დააკავეს შვიდი ათასზე მეტი. ბელარუსის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აქციებზე გარდაიცვალა 2 ადამიანი, თუმცა ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრო მხოლოდ ერთის გარდაცვალებას ადასტურებს. გავრცელდა ვიდეოც, სადაც ჩანს, როგორ კლავენ აქციის ერთ-ერთ მონაწილეს.

ქვეყნის დატოვება მოუწია საპრეზიდენტო კანდიდატს, სვეტლანა ტიხანოვსკაიას. თავდაპირველად გავრცელდა ვიდეომიმართვა, რომელშიც მან მომიტინგეებს დანებებისკენ მოუწოდა. არსებობს ვარაუდი, რომ ეს ვიდეო დადგმულია და იძულებითაა ჩაწერილი. მეორე ვიდეომიმართვაში კი ტიხანოვსკაიამ განაცხადა, რომ მზად არის გახდეს ეროვნული ლიდერი და ბრძოლა გააგრძელოს.

ევროპული სახელმწიფოების საპირწონედ არჩევნების შედეგები აღიარა რუსეთმა და ოკუპირებულმა აფხაზეთმა. მეტიც, კრემლმა ბელარუსს კოლექტიური სწრაფი რეაგირების ძალების მეშვეობით დახმარება შესთვაზა აქციების დასაშლელად.