ქართული ოცნების ყოფილმა დეპუტატმა, ბიძინა გეგიძემ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე დაწერა, რომ გადაწყვიტა ისევ გახდეს ვაკის მაჟორიტარი. ის ეძებს მსურველებს, რომლებიც საინიციატივო ჯგუფის სახელით წარადგენენ კანდიდატად.

"ვინაიდან, ვაპირებ ვიყო პარლამენტის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატი, საარჩევნო კანონის თანახმად, კანდიდატურის დარეგისტრირება ხდება საინიციატივო ჯგუფის მიერ. ჩემთვის დიდი პატივი იქნება, თუ თქვენ გექნებათ სურვილი წარმადგინოთ კანდიდატად საინიციატივო ჯგუფის სახელით. ველოდები თქვენ გამოხმაურებას მომდევნო ათი დღის განმავლობაში", — წერს ყოფილი დეპუტატი.

ბიძინა გეგიძეს საპარლამენტო უმრავლესობა 2019 წლის 1 სექტემბერს დაატოვებინეს. მიზეზად პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ გეგიძის მიერ გაკეთებული განცხადებები დაასახელა, რომელიც არ შეესაბამებოდა იმ პოზიციას, რაც ქართულ ოცნებას გააჩნია.

კერძოდ, ბიძინა გეგიძემ 20 ივნისის აქციის დარბევის შესახებ განაცხადა, რომ აქციის დაშლაზე პასუხიმგებლობა მაშინდელს შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიას ეკისრება და მის ადგილას გადადგებოდა.

2019 წლის აგვისტოში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაიბარეს. უწყებაში განმარტავდნენ, რომ გამოძიება 2018 წლის 2 აგვისტოდან მიმდინარეობს და გეგიძის წინა სამსახურებრივ საქმიანობას უკავშირდებოდა. გეგიძე ამას პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აფასებდა.