კომიქსების მოყვარულებისთვის ზაფხული სიახლეებით დახუნძლული პერიოდია ხოლმე — გარდა იმისა, რომ სუპერგმირებზე გადაღებული მრავალი ფილმი წელიწადის სწორედ ამ დროს გამოდის კინოთეატრებში, ამასთან აშშ-ში ისეთი უამარავი ღონისძიებაც ეწყობა, სადაც ფანებს შესაძლებლობა აქვთ, მომავალი ფილმების ტრეილერები თუ ტიზერები იხილონ და საყვარელი გმირების შემსრულებელ მსახიობებს კითხვები დაუსვან.

წელს, რა თქმა უნდა, პანდემიამ ჰოლივუდის მთლიანი ინდუსტრიის მუშაობა შეანელა და გამონაკლისი არც Marvel-ისა და DC-ის ფილმები ყოფილა. ამის მიუხედავად, კინომოყვარულებს შიგადაშიგ სიახლეებით თავის შექცევის შესაძლებლობა მაინც ეძლევათ.

სწორედ ასე მოხდა გუშინ, 22 აგვისტოს, როცა DC Comics-ის პირველ ვირტუალურ კონფერენციაზე, DC FanDome, არაერთ ფილმზე შევიტყვეთ ახალი დეტალები. მნიშვნელოვან სიახლეებსა და ტრეილერებს ქვემოთ შეგიძლიათ გადაავლოთ თვალი:

1. The Batman — ტიზერი

მილიონობით ადამიანი ელის იმის ხილვას, თუ როგორ მოირგებს მოკაშკაშე ვამპირის როლის შესრულებით ცნობილი რობერტ პატინსონი ბნელი რაინდის მოსასხამს. თუ ამ პირველი ვრცელი ტიზერიდან გამოვიტანთ დასკვნებს — როგორც ჩანს, ეს მას მშვენივრად გამოუვიდა. აღსანიშნავია, რომ ამ ორნახევარწუთიანი ვიდეოში ქეთვუმენისთვის თვალის შევლებაცაა შესაძლებელი. შეგახსენებთ, რომ ბეტმენთან არაერთგვაროვანი ურთიერთობის მქონე ამ ცნობილი ანტიგმირის როლი ამჯერად ზოი კრავიცმა მოირგო.

ტრეილერიდან ვხედავთ, რომ როგორც ყოველთვის, ახლაც გოთემი კრიმინალითაა მოცული. მოვლენები იმ დროს ვითარდება, როცა ბრუს ვეინი უკვე ორი წელია, რაც მშობლიური ქალაქის ქუჩებში წესრიგის დამყარებას ბეტმენის კოსტუმში გამოწყობილი ცდილობს.

მეტ რივზის The Batman-ის გამოსვლა თავდაპირველად 2021 წლის 21 ივნისს იყო დაგეგმილი, თუმცა შექმნილმა სიტუაციამ ეს თარიღი 2021 წლის 1 ოქტომბერზე გადაწია.

2. Wonder Woman 1984 — მეორე ტრეილერი

DC FanDome-ის ღონისძიებას Wonder Woman 1984-ის რეჟისორი, პეტი ჯენკინსი და მთავარი როლების შემსრულებლები — გალ გადოტი, კრის პაინი, კრისტენ ვიგი და პედრო პასკალი, ვირტუალურად დაესწრნენ, ახალი ტრეილერი გვაჩვენეს და ფანების კითხვებსაც უპასუხეს.

აღსანიშნავია, რომ ტრეილერში პირველად ვხედავთ ფილმის ანტიგმირის, ჩიტას ტრანსფორმაციას და დიანა პრინსისა და სტივ ტრევორის მონაწილეობით შესრულებულ ახალ სცენებს.

Wonder Woman 1984 5 ივნისს უნდა გამოსულიყო, მაგრამ Warner Bros-მა მისი დიდ ეკრანებზე გამოჩენა თავდაპირველად 14 აგვისტომდე გადადო, შემდეგ კი — 2 ოქტომბრამდე. ამ ეტაპზე სწორედ ეს უკანასკნელი თარიღი ითვლება ფილმის პრემიერის დღედ.

3. Black Adam — კონცეპტ-არტი

მართალია, სუპერძალების მქონე ანტიგმირი Black Adam ეკრანებზე ჯერ არცერთხელ გმოჩენილა, თუმცა დისის კომიქსების მკითხველები მას ძალიან კარგად იცნობენ. ხოლო სხვების დასაინტერესებლად იმის ცოდნაც საკმარისია, რომ ამ პერსონაჟის როლს მომავალ ფილმში თვით დვეინ ჯონსონი შეასრულებს.

ვირტუალურ კონფერენციაზე დვეინ ჯონსონმა თავად უპასუხა ფანების კითხვებს და გვანახა ვიდეო, რომელშიც მის მიერ განსახიერებული პერსონაჟის ანიმაციურ ვერსიას ვხედავთ. მან ასევე გაგვანდო, რომ ფილმში Justice Society of America-ს ზოგიერთ წევრსაც ვიხილავთ.

ამ ეტაპზე ფილმის გამოსვლის თარიღად 2021 წლის 22 დეკემბერია მიჩნეული.

4. The Suicide Squad 2 — ანტიგმირების პორტრეტები

იმის მიუხედავად, რომ ჯეიმს განის რეჟისორობით გადაღებული ახალი The Suicide Squad-ის ტრეილერის ხილვის საშუალება ჯერ არ მოგვცემია, ბოროტმოქმედთა ამ რაზმის წევრების "პროფილები" მაინც ვნახეთ. შეგახსენებთ, რომ პირველი The Suicide Squad კინომოყვარულებს სწორედ ტრეილერების უჩვეულო და შთამბეჭდავი სტილით დაგვამახსოვრდა, ამიტომ მომავალ ტიზერებსაც დიდი ინტერესით ველოდებით.

ფილმის პრემიერა 2021 წლის 6 აგვისტოსაა დაგეგმილი.