რეფორმერი თერჯოლის მუნიციპალიტეტში 11 წლის მოზარდის ტრაგედიას ეხმაურება და ქვეყანაში ბავშვთა ძალადობის გახშირებულ ფაქტებზე საუბრობს. როგორც პარტიის გენერალური მდივანი ანი ჯაფარიძე აცხადებს, ამ შემთხვევაში მარტო ერთი სექტორის პასუხისმგებლობა არ იკვეთება. ესაა მთლიანად საზოგადოების პასუხისმგებლობა, სადაც ძალადობა სამწუხაროდ სოციალურ ნორმად არის მიჩნეული.

"ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ბოლო რამდენიმე თვეა ჩვენს საზოგადოებას ტრაგედიიდან ტრაგედიამდე უწევს ცხოვრება, განსაკუთრებით მძიმეა თერჯოლის მუნიციპალიტეტში დატრიალებული ტრაგედია. სტატისტიკის მიხედვით, გახშირებულია ბავშვთა ძალადობის ფაქტები. სამწუხაროდ, დღეს ბავშვები ძალადობის პირისპირ არიან დარჩენილები და სახელმწიფო ქმედით ნაბიჯებს არ დგამს ამ პრობლემის გადასაჭრელად. აქ იკვეთება ყველა სექტორის პასუხისმგებლობა, საზოგადოებაში სოციალურ ნორმად მიჩნეული ძალადობა ჩვენი უმთავრესი პრობლემაა", — აცხადებს ანი ჯაფარიძე, პარტია რეფორმერის გენერალური მდივანი.

ბავშვთა დაცვა და კეთილდღეობა გაეროს ბავშვთა კონვენციის ძირითადი პრინციპებია. სახელმწიფო ვალდებულია შექმნას ეფექტური პრევენციული მექანიზმი ბავშვთა ძალადობის წინააღმდეგ, თუმცა რეალურად ეს არ კეთდება. ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების როლი. 11 წლის გარდაცვლილი მოზარდის მეზობლები ამბობენ, რომ მამა ბავშვს აწამებდა და ძალადობას სისტემატური ხასიათი ჰქონდა, მაგრამ არავის გამოუჩენია თანაგრძნობა, რაც ამ ტრაგედიას აგვარიდებდა თავიდან. პასუხისმგებლობა ეკისრება ყველას, ვინც 11 წლის მოზარდი მოძალადის ხელში დატოვა.

როგორც ანი ჯაფარიძე აცხადებს, უნდა გამკაცრდეს კანონმდებლობა ბავშვთა ძალადობის შემთხვევებთან დაკავშირებით ბავშვთა უფლებების დაცვა უნდა გახდეს სახელმწიფოს პრიორიტეტი. "რეფორმერის" ხედვით, უნდა მოხდეს საზოგადოების ცნობიერების შეცვლა ამ პრობლემის მიმართ, უნდა შეიქმნას ძალადობაზე რეაგირების მძლავრი მექანიზმი, გამკაცრდეს სასჯელი მსგავსი ფაქტების დაფარვის და შეუტყობინებლობის შესახებ. უმთავრესია, თავად ბავშვთა განათლება ამ მიმართულებით, ბავშვებმა უნდა იცოდნენ რა არის ძალადობა, რა არის მათი უფლებები, ვის შეატყობინონ ძალადობის შემთხვევაში.

რეფორმერი მიიჩნევს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია სოციალური მუშაკების როლი, ეს სამსახური უნდა გახდეს პრიორიტეტული და ქმედითი. უნდა გაიზარდოს საზოგადოების ჩართულობა, ადამიანებს უნდა სჯეროდეთ რომ მათი რეაგირება მოიტანს შედეგს, რომ ამ ტრაგედიების თავიდან არიდება მოხდეს.

მათივე თქმით, ისინი მალე წარმოადგენენ პროგრამას, სადაც ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით შემუშავებული სტრატეგია იქნება შემუშავებული.