ახლახან SpaceX-სა და Tesla-ს აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა ილონ მასკმა ლაივ ღონისძიება გამართა, სადაც მისი კიდევ ერთი კომპანიის, Neuralink-ის შესახებ სიახლეები შემოგვთავაზა. კომპანიას ისეთი ინტერფეისის შექმნა სურს, რომელიც ადამიანის ტვინსა და კომპიუტერს ერთმანეთთან დააკავშირებს.

ამის მიზანი, უპირველეს ყოვლისა, სამედიცინოა: მასკის თქმით, ყველა ადამიანს ცხოვრების რაღაც ეტაპზე აღენიშნება ნევროლოგიური პრობლემები, მათ შორის, მეხსიერების დაკარგვა, შფოთვა, ტვინის დაზიანება და დეპრესია. მოწყობილობას მომავალში სწორედ მსგავსი პრობლემების მოგვარება დაეკისრება.

ლაივზე მასკმა ღორი გერტრუდა წარმოადგინა, რომელიც კომპანიის მოწყობილობით იყო აღჭურვილი. მოწყობილობა სიგნალებს ტვინის იმ ნაწილისგან იღებს, რომელიც დინგთან არის დაკავშირებული. გერტრუდა იმპლანტატს დემონსტრაციამდე ორი თვის განმავლობაში ატარებდა. დემონსტრაციისას ცხადი გახდა, რომ მექანიზმი ღორის მოძრაობისას მისი სახსრების ადგილმდებარეობას თითქმის სრული სიზუსტით განსაზღვრავდა.

წარდგენილი მოწყობილობა ზემოთაღნიშნული ინტერფეისის პროტოტიპს წარმოადგენს, იგი მონეტის ზომისაა, მისი იმპლანტირება კი ბევრად მარტივია: იგი მომხმარებლის თავის ქალის პატარა ნაწილს ჩაანაცვლებს. ის მთელი დღის განმავლობაში იმუშავებს და ღამით უკაბელოდ დაიტენება.

"შესაძლოა, რომ ახლა მეც ამ მოწყობილობას ვატარებდე და თქვენ ამის შესახებ არ იცოდეთ", — თქვა მასკმა.

მასკმა კონფერენციაზე სულ სამი ღორი წარმოადგინა: ერთი, რომელსაც არ ჰქონია მოწყობილობა, მეორე, რომელსაც იგი რამდენიმე თვეა, რაც ჰქონდა და მესამე, რომესაც მოწყობილობა ადრე ჰქონდა, თუმცა მოგვიანებით ამოაცალეს.

"თუ თქვენ ეს მოწყობილობა გაქვთ ინპლანტირებული და გადაწყვიტეთ, რომ აღარ გინდათ, უნდა გქონდეთ იმის საშუალება, რომ ის უბრალოდ მოიშოროთ", — განაცხადა მასკმა, — "ჩვენი მიზანი ტვინისა და ხერხემლის მნიშვნელოვანი პრობლემების იმპლანტირებული მოწყობილობით მოგვარებაა. შესაძლებელი იქნება სიბრმავის, პარალიზებისა და სმენის პრობლემების მოგვარება".

მასკმა ასევე აღნიშნა, რომ რამდენიმე ღორს ორი მოწყობილობა ერთდოულად ჰქონდა იმპლანტირებული.

მასკმა იმ რობოტზეც ისაუბრა, რომელზეც კომპანია მუშაობს. რობოტის მიზანს ქირურგების ჩანაცვლება და მოწყობილობის იმპლანტირების ოპერაციის სწრაფად ჩატარება წარმოადგენს.

"ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ამ პროცედურას რობოტი ერთ საათში ჩაატარებს. შესაბამისად, შესაძლებელია, რომ საავადმყოფოში დილით მიხვიდეთ და შუადღისას წამოხვიდეთ, თანაც პროცესი, შესაძლებელია, რომ ანესთეზიის გარეშე ჩატარდეს", — თქვა მან.

მასკმა პრეზენტაცია იმის აღნიშვნით დაასრულა, რომ კომპანიამ აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების სააგენტოდან (FDA) "მეცნიერებაში გარღვევის მომხდენი მოწყობილობის" (Breakthrough Device) სტატუსი მიიღო და რომ ისინი მექანიზმის ადამიანის თავის ქალაში იმპლანტირებისთვის ემზადებიან.

Neuralink-ის სამომავლო გეგმები, ძირითადად, სამედიცინო მიღწევებს ეხება, თუმცა კითხვა-პასუხის რეჟიმის დროს მასკმა ისიც განაცხადა, რომ მოწყობილობა "ალბათ თამაშებისთვისაც იქნება გამოსადეგი". ხოლო კითხვაზე, იქნება თუ არა შესაძლებელი Tesla-ს გონებით მართვა, მასკმა ამ კითხვას დადებითად უპასუხა.