ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პატრიოტთა ალიანის მიერ აჭარაში განთავსებული საარჩევნო ბანერი პროვოკაციულია.

"ეს არის ძალიან მძიმე პროვოკაცია და იკვეთება, რა თქმა უნდა, დაკვეთის ნიშნები. ასეთ ნაბიჯებს ხშირად მიმართავენ „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლები და ეს, ბუნებრივია იწვევს აღშფოთებას. ბუნებრივია, ეს არ არის შემთხვევითი. ეს არის მიზანმიმართული პროვოკაცია და ძალიან მძიმე პროვოკაცია საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ", — განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, რაც შეეხება სამართლებრივ რეაგირებას, ეს არის შესაბამისი ორგანოების საქმე და თუ არის სამართლებრივი რეაგირების საფუძველი, ბუნებრივია, ეს რეაგირება უნდა იყოს.

კობახიძის განცხადებით, ეს არის უმძიმესი პროვოკაცია არა რომელიმე კონკრეტული პარტიის წინააღმდეგ, არამედ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ. ეს საჭიროებს შესაბამის პოლიტიკურ რეაგირებას ყველას მხრიდან, მათ შორის, საქართველოს მოსახლეობის მხრიდან.

დღეს პრორუსულმა პარტიამ, პარტია პატრიოტთა ალიანსმა განათავსა ბანერი, სადაც საქართველოს რუკაზე აჭარის რეგიონი გამოყოფილია, როგორც ოკუპირებული ტერიტორია, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ერთად. აღნიშნულს სოციალურ ქსელში კრიტიკა მოჰყვა, პატრიოტთა ალიანსს შუღლის გაღვივებაში ადანაშაულებენ.