ევროპული საქართველოს ლიდერი დავით ბაქრაძე გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის ოლქში პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატთან, გიორგი ღვინიაშვილთან, ერთად დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ სამთაწყაროს ესტუმრა და ადგილობრივების პრობლემები მოისმინა.

დავით ბაქრაძის თქმით, ქართული ოცნების ხელისუფლების პერიოდში ქართული სოფლები ვერ განვითარდნენ, უმძიმესია სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა. გიორგი ღვინიაშვილის თქმით, დღეს კახელი გლეხი სრულიად მიტოვებულია და ხელისუფლება მას არ აქცევს ყურადღებას. ღვინიაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ საჭიროა ცვლილებები, რომლებსაც ოქტომბრის არჩევნები აუცილებლად მოიტანს.

"დედოფლისწყარო და მთლიანად კახეთი ემზადება რთველისათვის, თუმცა საკმაოდ მძიმე ვითარებაა დღეს. რეალობა განსხვავებულია, დღეს ყურძნის ფასი მთავრობის სუბსიდიასთან ერთად არის 80 თეთრი. ეს არის კონკრეტული მაგალითი იმ სიღარიბის, რომელიც მოიტანა ქართულმა ოცნებამ სოფელში, რომელიც მოიტანა ქართულმა ოცნებამ კახელი გლეხისათვის და სწორედ ეს არის შესაცვლელი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე. შესაცვლელია სიღარიბე, შესაცვლელია უყურადღებობა, შესაცვლელია უიმედობა და უპერსპექტივობა, ამას კი სჭირდება არჩევნებზე მოსვლა და ისეთი გუნდის არჩევა, რომელიც ქვეყანას წაიყვანს წინ", — განაცხადა დავით ბაქრაძემ.

"ჩვენ ახლა ვიმყოფებით სამთაწყაროში, დედოფლისწყაროს რაიონში, ამ სოფელში და მის მიმდებარედ ყველაზე ადრე იწყება კახეთში რთველი. თუმცა, დღეს, როგორც ხედავთ, არცერთ გლეხს წარმოდგენა არ აქვს, რომელ ქარხანაში უნდა წაიღოს ყურძენი, რა ფასი ექნება ყურძენს. არაერთხელ მითქვამს და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ დღეს კახელი გლეხი, კახელი მევენახე არის მიტოვებული, ამიტომ ჩვენ ამ არჩევნებზე ეს ხელისუფლება უნდა შევცვალოთ, რათა ყველა გლეხისა და მევენახის შრომა იყოს დაფასებული", — განაცხადა გიორგი ღვინიაშვილმა.