ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) შრომის ინსპექციისგან, უფლებამოსილების ფარგლებში, ჭიათურის მაღაროში არსებული შრომის უსაფრთხოების შემოწმებას ითხოვს. ისინი, ასევე, საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების დროულად გატარებას მოუწოდებენ. პროკურატურისგან კი მაღაროში მომხდარი საწარმოო შემთხვევის დროულ და ობიექტურ გამოძიებას ითხოვენ.

"ჭიათურის მაღაროებში დასაქმებული ადამიანების შრომის პირობები წლების განმავლობაში მძიმე რჩება. დაბალი ანაზღაურების პარალელურად, დასაქმებულთა შრომითი უფლებები სისტემატიურად ირღვევა. შრომის უსაფრთხოების წესების დაუცველობის გამო, დასაქმებულები ყოველდღიურად საკუთარ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას რისკის ქვეშ აყენებენ. ჭიათურასა და ზოგადად სამთო-მოპოვებითი ინდუსტრიის კერებში არსებული უმძიმესი, სიცოცხლისთვის საფრთხისშემცველი სამუშაო პირობების არსებობას ადასტურებს არაერთი კვლევა, მათ შორის Human Rights Watch-ის სიღრმისეული ანგარიში", — აცხადებენ EMC-ში.

ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ შპს ჯორჯიან მანგანეზს დღეს სახელმწიფო მმართველი განკარგავს, ჭიათურაში ეკოლოგიური და სოციალური მდგომარეობა მძიმე რჩება. მათივე თქმით, ჭიათურასა და მის მიმდებარე სოფლებში ხშირია სასმელი წყლის უკმარისობა, საძოვრებისა და სახნავ-სათესი მიწების დაკარგვა, ბუნებრივი და საცხოვრებელი გარემოს ხმაურით, მტვრითა და საწარმოო ნარჩენებით დაბინძურება. ეს და სხვა პრობლემები კვლავ მოუგვარებელი რჩება.

ჭიათურის მაღაროში მუშა 24 აგვისტოს გარდაიცვალა. 46 წლის კობა ჩაფიძეს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს ტრაქტორმა გადაურა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240 მუხლით მიმდინარეობს, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.