ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ბათუმში სასტუმრო ოაზისში, ოთხასამდე ექიმი იმყოფება, აქედან გამომდინარე, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ამ ეტაპზე სასტუმრო ჩაიკეტოს.

"მნიშვნელოვანი ვითარებაა სასტუმრო ოაზისში, სადაც არის ოთხასამდე ქართველი ექიმი, რომელიც ესწრებოდა ძალიან მნიშვნელოვან კომპერენციას, სადაც აუცილებლად უნდა ჩასული ჩემი მოადგილე თამარ გაბუნია, ასევე რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელი ბატონი ზაალ კაპანაძე. ჩვენ მიგვაჩნია, რომ მათი ვიზიტი უნდა გადაიდოს, ვინაიდან თქვენ იცით, რომ მოხდა სასტუმრო ოაზისში ვირუსის დაფიქსირება, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გარკვეული ვადით სასტუმრო ოაზისი ჩაიკეტოს, თუმცა ჩვენ მყისიერად მივიღეთ ზომები, სასტუმრო ოაზისში დაიწყო ეპიდემიოლოგიური კვლევა და ექიმების ტესტირება, რათა მოხდეს, მათი შესაბამისი პროტოკოლით განაწილება თვითიზოლაციასა და კარანტინში", — განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

2 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, დადასტურებული შემთხვევებიდან კი 5 პირის წყარო უცნობია.

ჯამში, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 1 548-მდე გაიზარდა, გამოჯანმრთელებულია 1 270 ადამიანი, გარდაცვლილი კი — 19. კარანტინის რეჟიმში რჩება 6 059 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 239 პაციენტია.