ნაციონალური მოძრაობა და ძალა ერთობაშია ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს პრემიერმინისტრობის კანდიდატად წარადგენენ. ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა.

"მიხეილ სააკაშვილი უნდა დაუბრუნდეს ქვეყანაში და უნდა იყოს პირისპირ თავის ხალხთან. სწორედ ამიტომ ნაციონალურმა მოძრაობამ და გაერთიანებულ ოპოზიციაში შემავალმა ყველა პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მისი კანდიდატურა წარვადგინოთ პრემიერმინისტრობის კანდიდატურაზე", — განაცხადა ვაშაძემ.

მისივე თქმით, ქვეყანაში დაბრუნებასთან და გეგმაბთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილი თვითონ ისაუბრებს

საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა 6 სექტემბერს თავის ფეისბუქზე დაწერა, რომ მისი დაბრუნების გეგმასთან დაკავშირებით მორიგ მიმართვას ხვალ გააკეთებს.

მან ბოლო ვიდეომიმართვა 27 აგვისტოს ფეისბუქზე გაავრცელა, სადაც ის ქართველებს ჩამოსვლას ჰპირდება და ბოდიშს უხდის. ვიდეომიმართვა ქართულმა ოცნებამ საკუთარ ფეისბუქგვერდზე გააზიარა წარწერით "Miha hamodiii". ქართული ოცნების ირონიულ პოსტს ევროპული საქართველო გამოეხმაურა და დაწერა: "თუ ამ წრეზე ტრიალი მოგბეზრდა, გამოსავალი ევროპული კოალიციაა." გამოწვევას მალევე გირჩის ლიდერი, ზურა ჯაფარიძეც შეუერთდა წარწერით — "shesha ar ari".