ბელარუსის მედიის, TUT.BY-ის ინფორმაციით, ოპოზიციის ლიდერი და საკოორდინაციო საბჭოს წევრი მარია კოლესნიკოვა დააკავეს. გამოცემა თვითმხილველზე დაყრდნობით წერს, რომ დღეს, 7 სექტემბერს ნიღბიანმა ადამიანებმა კალესნიკოვა ჩასვეს მიკროავტობუსში და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს.

გამოცემის ინფორმაციით, კოლესნიკოვას პრესსამსახურში განაცხადეს, რომ ის დილით საქმეებზე იყო ქალაქში გასული და მას შემდეგ ვერ უკავშირდებიან. მათივე თქმით, დილით კოლესნიკოვას ტელეფონი ჩართული იყო, თუმცა მას არავინ პასუხობდა, მოგვიანებით კი მიუწვდომელი გახდა.

ბელარუსში საპროტესტო აქციების პარალელურად ალექსანდრე ლუკაშენკოს ხელისუფლების მხრიდან რეპრესიები გრძელდება. აქციებზე აკავებენ ათეულობით ადამიანს, ოპოზიციის წევრებს კი დაკითხვებზე იბარებენ. რამდენჯერმე გავრცელდა ინფორმაციაც დაკარგულებზე.