წლობით მარტოობის შემდეგ "მსოფლიოს ყველაზე მარტოსული სპილო" — როგორც მას ფანებმა შეარქვეს — ცხოველთა დაცვის ორგანიზაცია Four Paws-ის დახმარებით ახალ ცხოვრებას დაიწყებს.

სპილო, რომლის სახელიც ქაავანია, პაკისტანის დედაქალაქში, ისლამაბადში, მარგაზარის ზოოპარკში 35 წელი ცხოვრობდა. ის თავდაპირველად შრი-ლანკას საჩუქარი იყო და მის პარტნიორ საჰელისთან ერთად ცხოვრობდა ზოოპარკში 1990 წლიდან 2012 წლამდე, სანამ საჰელი არ გარდაიცვალა. მას შემდეგ უკვე რვა წელია, რაც ქაავანი მარტოა.

ქაავანი ერთადერთი ცხოველი არაა, რომელიც ზოოპარკში იტანჯება. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ამ ზოოპარკიდან 500-ზე მეტი ცხოველი დაიკარგა და ორ ათეულზე მეტი დაიღუპა. ისლამაბადის უზენაესმა სასამართლომ მაისში ცუდი პირობების გამო ზოოპარკის დახურვა გადაწყვიტა, თუმცა ცხოველები არ გადაუყვანიათ. ამის გამო ზოგმა მათგანმა საკმარისად დიდი ხანი ვერ გაძლო, რომ გადაერჩინათ: ორი ლომი ივლისში დაიღუპა კვამლის შესუნთქვის გამო, როცა მათ გალიაში ხანძარი გაჩნდა.

საბედნიეროდ, ქაავანი მალე მარტო აღარ იქნება. მარგაზარის ზოოპარკს ახლა ისლამაბადის ველური ბუნების მართვის საბჭო განაგებს, რომელმაც გადარჩენილი ცხოველების გადასასახლებლად დახმარებისთვის Four Paws-ს მიმართა. 4 სექტემბერს Four Paws-მა ქაავანს სამედიცინო შემოწმება ჩაუტარა, რათა დარწმუნებულიყო, რომ ის საკმარისად ჯანმრთელი იყო მგზავრობის გადასატანად.

ფოტო: Reuters

მართალია, ველური ბუნების ვეტერინარებმა და ექსპერტებმა დაადასტურეს, რომ ქაავანი საკმარისად ძლიერია, ის მაინც საკმაოდ ცუდ ფორმაშია.

"არაჯანსაღი კვებისა და ფიზიკური ვარჯიშის სიმცირის გამო ქაავანს შესამჩნევად ჭარბი წონა აქვს. გარდა ამისა, მისი ფრჩხილები გატეხილი და დეფორმირებულია, რაც მისი გალიის შეუფერებელი იატაკისა და სტრუქტურის ბრალი უნდა იყოს. ამ პრობლემის მოსაგვარებლად მან ფეხზე ხანგრძლივი მკურნალობის პროგრამა უნდა გაიაროს, რომელიც მარგაზარის ზოოპარკში ვერ განხორციელდება", — თქვა Four Paws-ის ვეტერინარმა დრ. ამირ ხალილმა.

ქაავანს სუსტი ფიზიკური ჯანმრთელობის გარდა მარტოობით გამოწვეული მენტალური ტრავმებიც აქვს. ბერლინის ლაიბნიცის ზოოპარკისა და ველური ბუნების ინსტიტუტის მთავარმა ვეტერინარმა დრ. ფრანკ გერიცმა თქვა, რომ სპილო უკვე ძალიან მოწყენილი და დასევდიანებულია. "მას უკვე განუვითარდა სტერეოტიპული ქცევა, როცა ის საათობით აქანავებს საკუთარ თავსა და ხორთუმს", — თქვა გერეცმა.

მართალია, ჯერ უცნობია, ზუსტად სად წაიყვანენ ქაავანს — პრესრელიზში ნათქვამი იყო, რომ "პოტენციურად კამბოჯაში" — Four Paws ნელ-ნელა ცდილობს, ის ცხოველთა თავშესაფარში გადაიყვანოს.

იმედი ვიქონიოთ, რომ ქაავანი მალე გამოჯანმრთელდება და მის მარტოსულობასაც საბოლოოდ დაესმება წერტილი!