პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ქორწილებისა და მსგავსი ღონისძიებების აკრძალვა აუცილებელი გახდა, რადგან ეს კორონავირუსის გავრცელებას ხელს უწყობდა. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის წინ განაცხადა.

"სამწუხაროდ, გვესმის, რომ ამას გარკვეული დისკომფორტი და შესაძლებელია, გაღიზიანებაც მოჰყვეს ჩვენი მოქალაქეების, მაგრამ საგულისხმო მაგალითია, ერთ-ერთი ქორწილი, რომელიც ჩატარდა თბილისში, არ დავასახელებ, რომელ რესტორანში, ფაქტობრივად ხუთი დამატებითი კლასტერი შეგვიქმნა. ერთი ცაგერში, მზარდი კლასტერი, ერთი ქუთაისში, ერთი ზუგდიდში და ა.შ. ამ წერტილებში ინფიცირების ზრდას ველოდებით და ამის ძირითადი გამავრცელებელი ღონისძიება სამწუხაროდ, იყო ქორწილი", — აღნიშნა გახარიამ.

დღეიდან ღია ცის ქვეშ 200-ზე მეტი ადამიანის შეკრება სპორტული თუ კულტურული იკრძალება. ეს საარჩევნო აგიტაციას არ ეხება. ამასთან, იკრძალება ქორწილების, ქელეხების, იუბილეებისა და სხვა სოციალური ღონისძიებების ჩატარება.

ამასთან, თეატრების, კინოთეატრებისა და ბავშვთა გასართობი ცენტრების გახსნა პირველ ნოემბრამდე გადაიდება. ამასთან, იკრძალება ღამის კლუბები ღია სივრცეებშიც.