ევროპულმა საქართველომ ქუთაისის მოსახლეობას პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი ქუთაისში, ოთარ კახიძე წარუდგინა.

ოთარ კახიძის თქმით, ევროპული საქართველოს წევრებმა, ქუთაისს რამდენიმე წლის წინ უკვე მოუტანეს გარდამტეხი ცვლილებები პარლამენტის ქუთაისში გადმოტანით და აეროპორტის აშენებით. კახიძემ აღნიშნა, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებამ ქუთაისს მხოლოდ და მხოლოდ მძიმე ეკონომიკური კრიზისი მოუტანა, რის შეცვლასაც გარდამტეხი ცვლილებები სჭირდება.

"ევროპული საქართველოს ლიდერებმა, ამ ქალაქს უკვე მოუტანეს გარდამტეხი ცვლილებები, საქართველოს პარლამენტის გადმოტანა და აეროპორტის ამოქმედება ქუთაისში სწორედ ჩვენი პარტიის წევრების ინიციატივა იყო. სამწუხაროდ, ივანიშვილის ხელისუფლებამ წაართვა ამ ქალაქს იმედი და პერსპექტივა, თუმცა ეს შეიცვლება და ევროპული საქართველო კვლავ მოიტანს ამ ქალაქში გარდამტეხ ცვლილებებს", — განაცხადა კახიძემ.

კახიძემ იმ კონკრეტულ გეგმებზე ისაუბრა, რის განხორციელებასაც აპირებს ევროპული საქართველო ქუთაისში.

"პარლამენტი სრულად გადმოვა ამ ქალაქში, ის გახდება საქართველოს პოლიტიკური ცენტრი. ქუთაისის აეროპორტი სრულფასოვნად ამუშავდება და წლის ბოლოს ქუთაისი მიიღებს მილიონზე მეტ ტურისტს. ასევე აეროპორტს დაემატება სატვირთო ტერმინალი, რათა სრულად იყოს გამოყენებული ამ ქალაქის საექსპორტო პოტენციალი. ქუთაისი იქნება ქალაქი, რომელიც არ იქნება ჩაფლული ნეპოტიზმსა და კორუფციაში. ამ ქალაქს მიეცემა რეალური თვითმმართველობა. ეს არის გარდამტეხი ცვლილებები, რომელსაც მოიტანს ევროპული საქართველო და ამ ქვეყანას გაიყვანს სამშვიდობოზე", — აღნიშნა ოთარ კახიძემ.