ოქსფორდის უნივერსიტეტისა და AstraZeneca-ს ერთობლივი ვაქცინის გამოცდის მესამე ფაზაზე მუშაობა მალე განახლდება. კვლევა მას შემდეგ შეჩერდა, რაც გაერთიანებულ სამეფოში ერთ მოხალისეს გვერდითი ეფექტი გამოუვლიდნა.

AstraZeneca-ს მიერ 8 სექტემბერს გაკეთებული განცხადებით, კვლევის შეჩერების პარალელურად იმის გამოძიება მიმდინარეობდა, იყო თუ არა პაციენტში გამოვლენილი რეაქცია ვაქცინასთან დაკავშირებული. თუმცა უკვე გუშინ, 12 სექტემბერს, ოქსფორდის უნივერსიტეტმა განაცხადა, რომ კვლევების გაგრძელება უსაფრთხო იყო.

"ეს პაუზა იმის ილუსტრაციაა, რომ ჩვენ უსაფრთხოებას ყოველთვის პირველ ადგილზე დავაყენებთ", — განაცხადა გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის მინისტრმა, მეთ ჰენკოკმა, — "ჩვენ მხარში ამოვუდგებით მეცნიერებს, რათა მათ ეფექტიანი ვაქცინა რაც შეიძლება მალე შექმნან".

უნივერსიტეტის განცხადების მიხედვით, მსგავს ფართომასშტაბიან კვლევაში "ზოგიერთი პაციენტის შეუძლოდ გახდომა მოსალოდნელი იყო". იქვე ვკითხულობთ, რომ კვლევები დამოუკიდებელი კომიტეტისა და გაერთიანებული სამეფოს მედიცინისა და ჯანდაცვის პროდუქტების რეგულაციური ორგანოს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების დაცვით განახლდება.

განცხადებაში, კონფიდენციალურობის დაცვის მიზნით, პაციენტის დაავადების შესახებ არაფერია ნათქვამი, თუმცა New York Times-ის მიხედვით, ცდაში მონაწილე მოხალისეს განივი მიელიტის დიაგნოზი დაუსვეს — ესაა ზურგის ტვინის ანთებითი პროცესი, რომლის გამოწვევაც ვირუსულ ინფექციებს შუძლიათ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) თანახმად, დღეს მსოფლიოში თითქმის 180 ვაქცინა გამოიცდება, თუმცა კლინიკური ცდების ეტაპი ჯერ არცერთ მათგანს არ დაუსრულებია.

წარმატებული პირველი და მეორე ფაზის მერე მრავალი მიიჩნევდა, რომ ბაზარზე ერთ-ერთი პირველი სწორედ ოქსფორდის უნივერსიტეტისა და AstraZeneca-ს ვაქცინა გამოჩნდებოდა. რამდენიმე კვირის წინ დაწყებულ მესამე ფაზაში 30 ათასი ადამიანი მონაწილეობდა. მოხალისეები აშშ-დან, გაერთიანებული სამეფოდან, ბრაზილიიდან და სამხრეთ აფრიკიდან იყვნენ.