სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძე საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის საზოგადოებრივი აზრის (IRI) ახალ კვლევას ეხმიანება და მიაჩნია, რომ მთავარ კვლევას საქართველოს მოსახლეობა 31 ოქტომბერს დადებს.

"მთავარი კვლევა იქნება 31 ოქტომბერს. თუმცა IRI-ის კვლევაც აჩვენებს, რომ 31 ოქტომბრისთვის ამომრჩეველთა აქტივობა იქნება მაღალი, რაც ნიშნავს, რომ საქართველოს მოსახლეობა ემზადება ხელისუფლების, მატყუარა და დამსხვრეული ოცნებების პარტიის შესაცვლელად. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სტრატეგია აღმაშენებელი — ეს არის ერთადერთი პოლიტიკური ძალა, ვისი რეიტინგიც იზრდება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ყოველთვის ვსაუბრობთ პროგრამით, გეგმით, ანტიკრიზისული გეგმით, როგორ უნდა ვუშველოთ უმუშევრობას, როგორ უნდა დავწიოთ საბანკო პროცენტები.

ჩვენ არ ვსაუბრობთ უბრალოდ პრობლემებზე, ჩვენ ვსაუბრობთ პრობლემის გადაჭრის გზებზე — აი, აქ არის ჩვენი ხელწერა, არ შევდივართ კინკლაობაში. ვსაუბრობთ, ვაკრიტიკებთ და მივუთითებთ რა არის ქვეყანაში გასაკეთებელი. სწორედ ამ მიდგომით გავიმარჯვებთ არჩევნებში", — განაცხადა გიორგი ვაშაძემ.