აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორმა, რობერტ რედფილდმა ოთხშაბათს სენატის ქვეკომიტეტის კითხვებს უპასუხა და აღნიშნა, რომ პირბადის ტარება, შესაძლოა, პრევენციის ვაქცინაზე უკეთესი საშუალება იყოს.

რედფილდის კომენტარი სენატორი ჯერ რიდის კითხვას მოჰყვა. სენატორს აინტერესებდა, პრეზიდენტის გადაწყვეტილება, არ გაიკეთოს პირბადე საჯარო შეხვედრების დროს, ხომ არ ეწინააღმდეგება "ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, რომელსაც ნებისმიერი ამერიკელი საკუთარი თავის და ქვეყნის დასაცავად იღებს."

"მე უშუალოდ პრეზიდენტზე კომენტარს არ გავაკეთებ, მაგრამ როგორც CDC-ის დირექტორი, ვიტყვი, რომ პირბადე ამჟამად საზოგადო ჯანდაცვის ყველაზე მნიშვნელოვანი იარაღია. იგი ჩვენი საუკეთესო თავდაცვაა. მე უფრო შორს წავალ და ვიტყვი, რომ პირბადე უფრო გარანტირებულად მიცავს COVID-19-ისგან, ვიდრე ვაქცინამ შეიძლება დამიცვას, რადგანაც მისი იმუნოგენურობა შესაძლოა 70% იყოს. იმ შეთხვევაში, თუ ჩემს ორგანიზმს იმუნური პასუხი არ ექნება, ვაქცინა ვერ დამიცავს, ხოლო ეს პირბადე ამას მოახერხებს", — აღნიშნა რედფილდმა.

აღნიშნული საუბრიდან რამდენიმე საათის შემდეგ, CDC-ის დირექტორის სიტყვებს პრეზიდენტი ტრამპი გამოეხმაურა.

"პირბადე ვაქცინაზე უფრო მნიშვნელოვანი არ არის. იგი, სავარაუდოდ, მხოლოდ გვეხმარება. მე დღეს რობერტს დავურეკე და ვკითხე: 'რა ხდება პირბადეებთან დაკავშირებით?' მან მიპასუხა: 'მე, მგონი, კითხვას არასწორად გავეცი პასუხი'", — განაცხადა დონალდ ტრამპმა

ჩვენ პირბადეები ვაქცინის შექმნის შემდეგაც დაგვჭირდება

იმუნოგენურობა სამედიცინო ტერმინია, რითიც ვაქცინის მიერ ვირუსის წინააღდეგ სტიმულირებულ იმუნურ პასუხს აღწერენ. იდეალურ შემთხვევაში, ვაქცინას შეუძლია ე.წ. "სტერილური იმუნიტეტი" ჩამოაყალიბოს, რაც იმას ნიშნავს, რომ აცრის შემდეგ იმავე პათოგენის შეყრის შემთხვევაში ადამიანი აღარ ინფიცირდება. კორონავირუსის შემთხვევაში ვაქცინის შემქმნელები სტერილურ იმუნიტეტს არ უმიზნებენ. მათი მთავარი ინტერესი ამ ეტაპზე დაავადების გავრცელების შემცირება გახლავთ.

მაგალითად: Moderna-ს ვაქცინა კლინიკური კვლევის მესამე ეტაპზეა. ეს დასკვნითი ფაზა გახლავთ, რისი წარმატებით გავლის შემდეგაც ვაქცინა ფართო მოხმარებაში ჩაეშვება. Moderna-ს ვაქცინის იმუნოგენურობა 60%-ს შეადგენს.

ამის მიუხედავად, FDA-მ განაცხადა, რომ ამაზე უფრო დაბალი იმუნოგენურობის ვაქცინებსაც კი მისცემს ლიცენზიას. მთავარია, რომ ისინი პლაცებოსთან შედარებით, მინიმუმ 50%-ზე მეტით ეფექტიანი მაინც იყვნენ.

სწორედ ამიტომაც, ადრეული ვაქცინები ცხოვრებას აქამდე ჩვეულ კალაპოტში არათუ ვერ დააბრუნებს, არამედ პირბადეების ტარების აუცილებლობასაც კი ვერ გააქრობს. აღნიშნული მოსაზრება ბეილორის სამედიცინო კოლეჯის ვაქცინების დეველოპერს, მარია ელენა ბოტაცის ეკუთვნის.

"აცრა არ ნიშნავს, რომ პირბადეს ნაგავში მოისვრი. ეს არ მოხდება. იმედი მაქვს, ხალხს არ ჰგონია, რომ ამ ყველაფრის გადასაჭრელად რაიმე მაგიური საშუალება არსებობს", — აღნიშნა მან.

პირბადეები კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის ეფექტიანია

პირბადე იმუნოგენური არ არის (ისინი ორგანიზმში იმუნურ პასუხს არ აღძრავენ), შესაბამისად, მისი ვაქცინასთან პირდაპირი შედარება შეუძლებელია. მიუხედავად ამისა, სულ უფრო მეტი კვლევა აჩვენებს, რომ პირბადე კორონავირუსის გავრცელებას ეფექტიანად ებრძვის.

მაგალითისათვის ავიღოთ აკადემიურ ჟურნალში Health Affairs გამოქვეყნებული კვლევა, რომელიც აშშ-ს 15 შტატს მოიცავდა. პირბადის ტარების ვალდებულების გამო COVID-19-ის შემთხვევების სტატისტიკა მნიშვნელოვნად შემცირდა. რეგულაციის მიღებიდან 3 კვირის თავზე დაავადების მატება 2%-ით შემცირდა.

ამას გარდა, როგორც 194 ქვეყნის შემთხვევათა ანალიზი ამტკიცებს, იმ ქვეყნებში, სადაც პირბადის ტარება საზოგადოებამ ადვილად მიიღო, ერთ სულ მოსახლეზე სიკვდილიანობამ მხოლოდ 7%-ით იმატა, მაშინ, როცა იმ ქვეყნებში, სადაც პირბადეების ტარებაზე შესაბამისი რეკომენდაციები არ არსებობდა, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 55% შეადგინა.

შედარებისთვის ასევე გამოდგება მისურის შტატში სალონის თანამშრომლების შემთხვევაც. ორ სტილისტს, რომელთაც მოგვიანებით კორონავირუსი დაუდასტურდათ, მჭიდრო კონტაქტი ჰქონდა 140 კლიენტთან. სალონში პირბადის ტარება სავალდებულო გახლდათ. ამის დამსახურებით, 140-დან არც ერთ კლიენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

რობერტ რედფილდი პირაბადის ტარების ხმამაღალი მხარდამჭერია. მან ივლისში ამერიკის სამედიცინო ასოციაციის ჟურნალში (JAMA) პირბადის ტარების მნიშვნელობის შესახებ ოპ-ედი გამოაქვეყნა.

"თუ ჩვენ ახლა მოვახერხებთ, რომ პირბადე ყველამ ატაროს, მაშინ ვფიქრობ, შემდეგ 4-6-8 კვირაში ჩვენ პანდემიას კონტროლის ქვეშ მოვაქცევთ", — აღნიშნა რედფილდმა JAMA-ს მთავარ რედაქტორთან, ჰოვარდ ბაუხნერთან ინტერვიუში.