ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე აცხადებს, რომ ეკლესია ხელისუფლებას ყოველთვის პატივს მიაგებს. ამის შესახებ მან ფორმულას განუცხადა.

მიტროპოლიტი და სხვა სასულიერო პირები გელათი ტაძრის ეზოში ქართული ოცნების პოლიტიკურ ღონისძიებას ესწრებოდა, სადაც მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინეს.

ფაქტის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა მმართველმა გუნდმა გაავრცელა. ფოტოებში ჩანს, რომ პარტიული შეხვედრის დასრულების შემდეგ მიტროპოლიტი პრემიერმინისტრ გახარიას ესაუბრებოდა.

"ჩვენ შევხვდით ხელისუფლებას. პატივი უნდა მივაგოთ პრემიერს, დედაქალაქის მერს. ეკლესია ყოველთვის პატივს მიაგებს ხელისუფლებას, ეს პირველი საუკუნიდან გადმოცემული სიტყვებია, თუმცა მაშინ წარმართი მეფეები იყვნენ, რომ ის ვალდებულია დაიცვას, მშვიდობა, ერთობა, სამართალი. ჩვენ ამას მივესალმებით", — განაცხადა მიტროპოლიტმა.

მიტროპოლიტი იოანე ცნობილია პრორუსული შეხედულებებითა და გამონათქვამებით. ბოლო პერიოდში ის განსაკუთრებით აქტიურობდა მაშინ, როცა კორონავირუსის პანდემიის გამო მრევლს ზიარებისა და ტაძარში მისვლისგან თავშეკავება ურჩიეს.

პირველ სექტემბერს პარტიული შეკრება ბაგრატის ტაძრის ეზოში პატრიოტთა ალიანსმა გამართა, რასაც კრიტიკა მოჰყვა. მაშინ საპატრიარქო და ქუთაისის მერიაც ამტკიცებდა, რომ ადგილი, სადაც პატრიოტთა ალიანსმა ყრილობა ჩაატარა, მათ საკუთრებაში არაა.