ცოტა ხნის წინ კათოლიკური ეკლესიის მეთაური, პაპი ფრანცისკე, ლგბტქ თემის წევრ და აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებს შეხვდა. მან კათოლიკურ ეკლესიაში ორი მოწყვლადი ჯგუფის მიღებასა და მხარდაჭერაზე ისაუბრა.

პაპის თქმით, ღმერთს ისინი ისეთივე უყვარს, როგორებიც არიან. ამ განცხადებს სოციალურ მედიაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

თავდაპირველად, პაპი ფრანცისკე ლგბტქ ბავშვებს და მათ მშობლებს შეხვდა, სადაც მათ მხარდაჭერა გამოუცხადა. ქვიარ ადამიანებისადმი ტოლერანტული დამოკიდებულება კათოლიკური ეკლესიის წინამძღოლს მას შემდეგ აქვს, რაც 2013 წელს პაპი გახდა.

"ღმერთს თქვენი შვილები ისეთივე უყვარს, როგორებიც არიან", — უთხრა ფრანცისკემ ჯგუფს, რომელიც იტალიაში ქრისტიანულ ლგბტქ ასოციაციას, Tenda di Gionata-ს წარმოადგენს, — "უფალს თქვენი შვილები ასეთები იმიტომ უყვარს, რომ ისინი მისი შვილებიც არიან".

ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა, მარა გრასიმ, პაპს წიგნი აჩუქა, სადაც ეკლესიაში ლგბტქ ადამიანების მშობლების მძიმე გამოცდილებაზეა საუბარი. მისივე თქმით, იგი ერთგვარი "ხიდის" შექმნას იმედოვნებდა, რომლითაც მათ გულთბილად მიღების შესაძლებლობა ექნებოდათ.

როგორც ცნობილია, პაპს ცისარტყელისფერებიანი მაისურიც აჩუქეს, რომელზეც წერია: "სადაც სიყვარულია, იქ შიში არ არის".

"ღმერთმა სამყარო სხვადასხვა ფერის მრავალგვარი ყვავილით შექმნა", — განუცხადა პაპმა ფრანცისკემ ავსტრიიდან ვატიკანში ჩასულ ჯგუფ ზონენშაინს რამდენიმე დღის შემდეგ — "თითოეულ ყვავილს საკუთარი უნიკალური სილამაზე გააჩნია, და ჩვენ ყველანი მშვენიერი ვართ ღმერთისთვის, რომელსაც ვუყვარვართ".

Vatican News-ის ცნობით, ზონენშაინ, რაც გერმანულად მზის სინათლეს ნიშნავს, კლინიკაა, სადაც აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვები თერაპიას გადიან.

პაპის განცხადებებს დადებითი გამოხმაურება მოჰყვა ინტერნეტსივრცეში, სადაც მას მადლობა გადაუხადეს ასეთ თემებზე ღიად საუბრისათვის.

ფოტო: Franco Origlia / Getty Images

პაპი ფრანცისკე გამუდმებით იმეორებს, რომ კათოლიკური ეკლესია უფრო მიმღები უნდა გახდეს. 2013 წელს მან განაცხადა, რომ წრფელ კათოლიკურ რწმენის ქონასთან სექსუალური ორიენტაცია არაფერ შუაშია.

"თუკი ადამიანი გეია, ღმერთს ეძებს და კეთილი განზრახვა აქვს, მე ვინ ვარ, რომ განვსაჯო?", — განაცხადა მან, — "პრობლემა ასეთი ორიენტაციის ქონა არ არის. ჩვენ ძმები უნდა ვიყოთ".

2018 წელს ძალადობის მსხვერპლმა ჩილელმა გეი ბიჭმა, ხუან კარლოსმა, განაცხადა, რომ ვატიკანში ყოფნის დროს პაპმა საკუთარი თავის შეყვარებისკენ მოუწოდა, რადგან "ღმერთს ისეთი უყვარს, როგორიც თავად შექმნა".

რამდენიმე წლის წინ პაპმა ფრანცისკემ ასევე განაცხადა, რომ ქრისტიანებმა ლგბტქ ადამიანებს პატიება უნდა სთხოვონ.

იდენტობასთან დაკავშირებულ საკითხებზე საუბარს პაპი არც საქართველოში სტუმრობისას მორიდებია. თბილისში ყოფნისას კათოლიკური ეკლესიის მეთაურმა განაცხადა, რომ "გენდერის თეორია ქორწინების უპირველესი მტერია". მან ასევე დასძინა, რომ მსოფლიოში ქორწინების გასანადგურებლად ბრძოლა მიმდინარეობს, მთავარი იარაღი კი "იდეოლოგიური კოლონიზაციაა".